June 2, 2026

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იმერეთიდან 124 მოსწავლე გაემგზავრა

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე იმერეთის დელეგაცია ბათუმში გაემგზავრა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს 2-6 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს. უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 17 სახეობაში, 14-17 წლის დაახლოებით 1200 სპორტსმენს შორის, საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდების მონაწილეობით. ოლიმპიურ ფესტივალში ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან 60, იმერეთიდან კი 124 მოსწავლე მონაწილეობს. ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცემა რეგიონს, რომელიც ქულათა ჯამური მაჩვენებლით საუკეთესო შედეგს აჩვენებს. საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე იმერეთის დელეგაცია ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გააცილეს.