ხარაგაულის სკვერში მიწის ჩამოშლის ფაქტზე, რის გამოც მოზარდის სიცოცხლე საფრთის ქვეშ აღმოჩნდა, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, უწყებამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან კინოთეატრის საყრდენი კედლისა და სკვერის მშენებლობების დოკუმენტაცია გამოითხოვა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სამსახურებრივი გულგრილობა) და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის დ ქვეპუნქტით (მითვისება ან გაფლანგვა) დაიწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით დევდარიანი ამბობს, კინოთეატრის 2 კვმ საყრდენი კედლის ქვეშ მიწა ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ გამორეცხა, თუმცა, საყრდენი კედლის კონსტრუქცია არ დაზიანებულა. მისივე თქმით, დაზიანებული ადგილის აღდგენას პროკურატურასთან შეთანხმების შემდეგ შეუდგებიან. ხარაგაულის კინოთეატრის მიმდებარედ, ჯებირი და შენობის საყრდენი კედელი ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ 2023 წლის ივნისში დაანგრია. ეს დამცავი ჯებირი და შენობის საყრდენი კედელი შპს „მეკამ“ 649 000 ლარად ააშენა. კინოთეატრის მიმდებარედ სკვერი კი, 2025 წელს შპს „ელიტ ბილდერს გრუპმა“ 145 600 ლარად მოაწყო. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ხარაგაულში სკვერის მიწის ჩამოშლის დროს არასრულწლოვანი ჩავარდა. იქვე მყოფი ადამიანების დახმარებით ბავშვი მდინარის ნაპირიდან ამოიყვანეს.
June 3, 2026
ხარაგაულის სკვერში მიწის ჩამოშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო