June 10, 2026

ვინ არის „სპეციალური მასწავლებელი“ – სკოლებში დასაქმების შესაძლებლობები ფართოვდება

ვინ არის მასწავლებლობის მაძიებელი, პროგრამის მასწავლებელი და პროგრამის სპეციალური მასწავლებელი და რა მოეთხოვებათ მათ? – ამის შესახებ საუბარია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში, რომელშიც შემაცალ ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, 75 ხმით დაუჭირა მხარი.

ცვლილებების ავტორების მტკიცებით, ეს სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.

კანონპროექტის თანახმად, სკოლაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ იმ პირებსაც, რომლებსაც პროფესიული განათლება აქვთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.

მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის საშუალება ექნება ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, თუმცა, თუ მისი კვალიფიკაცია არ არის იმ საგნის შესაბამისი, რომლის სწავლებაც სურს, ვალდებული გახდება მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის წინაპირობად შესაბამისი საგნის კომპეტენცია დაადასტუროს.

ცვლილებებით შესაძლებელი იქნება სკოლაში დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის შეცვლაც.

სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

კანონში გაჩნდება მასწავლებლის ახალი თანამდებობები, როგორიცაა – „პროგრამის მასწავლებელი“ და „პროგრამის სპეციალური მასწავლებელი“, რომლებიც სკოლაში დასაქმდებიან რომელიმე მიზნობრივი პროგრამის საფუძველზე, განსაზღვრული პერიოდით და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი მობილობა სხვა სკოლაში.