12 ივნისს ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს პოლიციელების ძალადობა დაკავებულებზე. საზოგადოების მწვავე რეაქციას შსს-ს განცხადებაც მოყვა, რომლის ცნობით, კადრები რეალურია და ფაქტი 2022 წელს მოხდა, ფიგურანტი პოლიციელები კი იმერეთის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან და ისინი 2026 წლის თებერვალში დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით Newpress სამოქალაქო აქტივისტს ალიმი ხერხაძეს ესაუბრა: – ის მანკიერი პრაქტიკა, რაც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით და რომლის შეცვლის დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, არსად წასულა. მოძალადე სისტემა კიდევ უფრო დიდ ურჩხულად გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ და მოძალადეები გადაიფორმა წინა ხელისუფლებისგან. — სასამართლო სისტემა, ძალოვანი უწყებები საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგო და სადამსჯელო მექანიზმად აქცია. ,,ქართული” ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა ციხის კადრებზე, 7 ნოემბრის, 26 მაისის დარბევებზე გავრცელებული ხალხის ხმით. წინა ხელისუფლებას დღემდე, სწორედ ადამიანის უფლებათა დარღვევას წამოაძახებენ, ხოლმე, მაგრამ ამ 14 წლის მანძილზე ყველა ანტირეკორდი მოხსნეს ადამიანთა უფლებების დარღვევის, აქციების დარბევის კუთხით. „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ისეთი სისტემა, ისეთი საკანონმდებლო ბაზა, 2012 წელს რომ მსგავსი მოცემულობა ყოფილიყო, ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელსაც იყო არათანასწორი საარჩევნო სისტემა. „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა დაუსჯელობის განცდა, რის გამოც პოლიციელთა გარკვეული ნაწილი მოქალაქეს ესაუბრება არა როგორც მისი უფლებების დამცველს, მისი უსაფრთხოების გარანტს, არამედ აგდებულად, პროვოკაციულად, დამამცირებლად. ასეთივე წარმატებით შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ კრიმინალური სისტემა, რომლის ფორმირებებსაც საარჩევნოდ იყენებს ძალადობისთვის, დასარბევად. ეს არის სისტემური ურჩხული, რომელიც ღირსებას ართმევს საზოგადოებას და წარმოადგენს არაფორმალური ჯგუფებისა და ძალოვნების ხელში უკონტროლო ძალაუფლებას, პასუხისმგებლობის გარეშე. პოლიცია მოქალაქეს სცემს, ნარკოტიკს უდებს, გაუპატიურებით ემუქრებოდა აქციების დროს წამლავს, ძარცვავს, არბევს და ბოლოს „საწამებელ მარშუტში“ აწამებს, იჭერს ტროტუარზე დგომისთვის. – „ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ცალკეული შემთხვევებია, რომელსაც რეაგირება მოყვება, ამაზე რას იტყვით? – ეს არის სისტემური დანაშაული, თუმცა დანაშაულის დასაფარად ცდილობენ ცალკეულ შემთხვევად წარმოაჩინონ. პოლიციელებს ეუბნებიან: იძალადეთ როგორც გინდათ, ოღონდ არა კამერების წინ, ოღონდ არ გახმაურდეს. ეს თქვა დაახლოებით თეა წულუკიანმა პარლამენტში გასულ კვირას გორში მომხდარი ძალადობის ეპიზოდზე. ამის შემდეგ გამოდიან და გვეუბნებიან, რომ დანიაში ირღვევა ადამინთა უფლებები, რომ საქართველოში ევროპულ სტანდარტზე მაღალი სტანდარტით მოქმედებენ. კოპენჰაგენში აგზავნიან პროპაგანდისტულ მედიებს და სიუჟეტებს აკეთებინებენ, როგორ არღვევს იქ პოლიცია მოქალაქეთა უფლბებს. ავტორიტარული სისტემის ხასიათია ასეთი, უნდა იძალადოს მოქალაქეზე ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მისი სისტემის ჯარისკაცებს უნდა გაუჩინოს დაუსჯელობის განცდა, მაგრამ სისტემა ყარს. ბიაზი გასკდა და ეს კადრები, გორის შემთხვევა, გაჟონვის მხოლოდ პირველი წვეთებია. სისტემა აუცილებლად გამოაშკარავდება. სისტემა უნდა დაინგრეს, ამას სჭირდება აქცია, სანქცია, ალტერნატივა. – რას გეუბნებათ ის ფაქტი, რომ ძალადობაში მხილებული პოლიციელები იმერეთის დეპარტამენტიდან არიან? ასევე ის, რომ მხოლოდ 4 წლის შემდეგ დააკავეს? – მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მხრიდან აქციებზე იმერეთში არ ყოფილა ისეთი სისასტიკე, როგორც ეს იყო თბილისში, ეს მაინც ერთი სისტემაა. სისტემამ ცენტრალურად გააჩინა დაუსჯელობის განცდა და მოძალადე ბუნების მქონე პოლიციელი, დაუსჯელობის განცდით თანაბრად იძალადებს იმერეთშიც, გორშიც, აჭარაშიც და კახეთშიც. ავტორიტატული რეჟიმი დგას მოქალაქეთა დაშინებაზე, ძალადობით დამორჩილებაზე და ასე ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ადამიანურად მტკივნეულია და საშიში, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ ჩვენს გვერდით, რომლებიც სხვისთვის ტკივილის მიყენებაში სიამოვნებას ხედავენ. სისტემა ინდივიდუალურ დაკვეთებსაც ასრულებს: მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, როგორც მედიაში გავრცელდა, ბერასთვის მიუღებელი კომენტარების დაწერისთვის ანზორ ჩუბინიძე, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით სკოლის მოსწავლეებს დახვდა სკოლასთან. ანზორ ჩუბინიძის ფრაზა, სკოლის მოსწავლის მიმართ იყო ასეთი, რომ წაიყვანდა, დამარხავდა და ვერავინ გაიგებდა, სად გაქრა. ეს ფრაზა არა მარტო ძალადობაზე მეტყველებს, არამედ მკვლელობის პირდაპირი მუქარაა და ზედმეტად ბევრი ადამიანი გაქრა საქართველოში ბოლო წლებში. გარდა ამისა, 2023 წელს, როდესაც კურიერმა ირაკლი მილაძემ ტიკ-ტოკზე ვიდეო ჩაწერა, რომელშიც თქვა, რომ თბილისში, ე.წ. ბასლაინებში ბევრი მანქანა დადის, პოლიცია კი მათ შერჩევითად აჯარიმებს და კახა კალაძეს აგინა, 1000 ლარით დააჯარიმეს, პოლიციის მანქანაში სცემეს, ნაცემი პოლიციაში წაიყვანეს, ორი დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა და შემდეგ ბრალი წაუყენეს პოლიციის შეურაცხყოფისთვის. -რამდენად დაცულია მოქალაქე ამგვარ რეალობაში? -ეს ადამიანები სიამოვნებით მოკლავდნენ კიდეც, გარანტია რომ მისცეს ვინმემ, რომ არ დაისჯებიან. ეს ყველაფერი სამოქალაქო ცხოვრებისთვის, საზოგადოებისთვის საშიშია. იქ, სადაც სამართალდამცველებისა და კრიმინალის ინტერესი თანხვედრაშია და ორივე ერთად მოქალაქეზე ძალადობს, საზოგადოებას სასიცოცხლო საფრთხე ემუქრება.
June 13, 2026
მოძალადე სისტემა კიდევ უფრო დიდ ურჩხულად აქცია „ქართულმა ოცნებამ“ – ალიმი ხერხაძე