„სოციალური შემწეობის თანხის ასაღებად ბანკში მისულს მითხრეს, რომ დახმარება აღარ მქონდა. ვერც წარმოიდგენთ როგორ წამოვედი უკან. ძალიან ვინერვიულე და ცუდად გავხდი”, – ამბობს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე გუგულა ტოფაძე.
ტოფაძეების სამსულიანი ოჯახი, ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე #14-ში, ოროთახიან სახლში ცხოვრობს. ოჯახმა, დახმარების შეჩერების შესახებ, ოფიციალური წერილი, მოგვიანებით ფოსტით მიიღო.
„ვფიქრობდით, სესხის ყოველთვიურ პროცენტს სოციალური შემწეობით გადავიხდიდით. ახლა კი, რა უნდა ვქნათ?!”, – აღნიშნავენ ტოფაძეები.
ტოფაძეების მსგავსად, სოციალური შემწეობა ქუთაისში 654 ოჯახს აქვს შეჩერებული.
„ამ ოჯახებსაც თუკი ჩემსავით აქვთ მდგომარეობა „გაუმჯობესებული”, ამ მთავრობის სირცხვილია, არარსებული მიზეზით დახმარების შეჩერება”, – ამბობს გუგულა ტოფაძე.
ტოფაძეების ოჯახს, სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი 2009 წელს მიანიჭეს. მათი განმარტებით, ამდრომდე დახმარება არასოდეს შეჩერებიათ. ოჯახმა სოციალური მომსახურების ქუთაისის ცენტრს განცხადებით უკვე მიმართა.
„იმ ოჯახების 70-მა პროცენტმა, რომლებსაც შეუჩერდათ დახმარების მიღება, მოგვმართა ხელახალი განცხადებით”, – აღნიშნავენ სოციალური მომსახურების ქუთაისის ცენტრში.