May 25, 2013

ჭიათურელი მაღაროელები მასობრივი გაფიცვებისთვის ემზადებიან

ჭიათურელმა მაღაროელებმა დღეს რამდენიმე საათიანი გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და მაღაროს ადმინისტრაციას მოთხოვნები წაუყენეს.

ჭიათურის ერთ-ერთი, შუქრუთის მაღაროს მუშები მაღაროს მფლობელ კომპანიას „ჯორჯიან მანგანეზს“ ხელფასებისა და ღამის საათების ანაზღაურების 50%-ით გაზრდას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და პრემიების სისტემის შემოღებას სთხოვენ.

მაღაროელები კომპანიას მოთხოვნების შესასრულებლად 72-საათიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 28 მაისიდან მასობრივი გაფიცვებით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელობაშია ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, რომლის მუშებმაც ანალოგიური მოთხოვნებით ფეროში წარმოების პროცესი შეაჩერეს.