May 5, 2014

ცესკოს რეგისტრაციის მიზნით 34-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი დაასრულა. ცესკოს, რეგისტრაციის მიზნით, 34-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა.

“თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით დარეგისტრირდა 26 პოლიტიკური გაერთიანება, ხოლო 6-ს უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.

რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე რეგისტრირებულია 2 საარჩევნო ბლოკი: ”ქართული ოცნება”და ”არასაპარლამენტო ოპოზიცია”. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს 3 მაისის ჩათვლით უნდა წარმოედგინათ განაცხადი საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე

ბლოკების შექმნის მიზნით კომისიაში, ზემოაღნიშნული ვადის გათვალისწინებით დამატებით ორი განაცხადია შემოსული: რეგისტრირებული პარტიებიდან ბლოკის – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შექმნის თაობაზე ცესკოს, პ/გ-ამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ მომართეს; ხოლო ”თვითმმართველობა ხალხს” ბლოკის შექმნის მოთხოვნით, კომისიაში განაცხადი შემოიტანეს პარტიებმა – ”ევროპელი დემოკრატები”და ”სამართლიანი საქართველოსთვის”.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ზემოაღნიშნული პარტიების ბლოკებად რეგისტრაციის პროცედურები 9 მაისისთვის დასრულდება,” – აცხადებენ ცესკოში.