June 24, 2014

ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში მედიკოსებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ქუთაისში, იმერეთის გუბერნატორთან ერთად, კლინიკა “ელ ჯი”-ში მედიკოსებს შეხვდა. შეხვედრაზე ჯანდავის მინისტრმა მედიკოსებს იმერეთის სოფლებში არსებულ სამედიცინო პრობლემებზე ესაუბრა. სერგეენკოს განცხადებით, იმერეთის რეგიონის მედიკოსებთან შეხვედრა რეგიონული შეხვედრების ერთ-ერთი ნაწილია.

“მათ რაღაც პერიოდის წინ შევხვდით. ახლა მიმდინარეობს ანგარიშის ჩაბარება და მედიკოსებისგან მოვისმენთ ინფორმაციას,” – განაცხადა სერგეენკომ.

რეგიონში ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი იმერეთის გუბერნატორმა,ზაზა მეფარიშვილმა მნიშვნელოვნად შეაფასა. მისი თქმით, ერთ-ერთ რაიონულ ამბულატორიას მინისტრმა აღჭურვილობა თავად გადასცა.

“მაგალითად, ამბულატორიას ხარვეზები ჰქონდა დაფინანსებიდან გამომდინარე. სამინისტრომ გაუზარდა დაფინანსება და დაფარული იქნება მათი კომუნალური ხარჯები,” – განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.

მისივე თქმით, თვითმმართველობა მაქსიმალურად ჩაერთვება რაიონებში არსებული სამედიცინო სფეროს პრობლემების მოგვარებაში.