სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო ქუთაისში, წყალტუბოსა და სამტრედიაში რამდენიმე საწარმოსა და რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
შემოწმდა ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე “ფუდმარტი” და ნიკეას ქუჩაზე – ხორცის სარეალიზაციო ობიექტი შპს “უხვი”, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვილიშორში – შპს “ქალაქური 2013”-ის კუთვნილი რესტორანი, სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩაზე – ნაყინის საწარმო შპს “მყინვარი”.
გარდა ამისა, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა გურჯაანსა და თბილისში მდებარე საწარმოებში. სააგანეტომ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში – ი/მ “ბერდია ქიტუაშვილის” ნახევარფაბრიკატების საწარმო შეამოწმა და თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე – შპს “ჯაზას” პურის ქარხანა.
“აღნიშნულ საწარმოებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები: ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის, სანიტარიული ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა; ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს პროდუქციის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი კვლევის ოქმები; შენობები არ იყო დაცული მღრღნელებისა და მწერებისაგან,” – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს – ს.ს “ფუდმარტს”, შპს “უხვს”, შპს “ქალაქური 2013”-ს, ი/მ “ბერდია ქიტუაშვილსა” და შპს “ჯაზას” კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.