October 1, 2014

ქუთაისში მოსახლეობა მერიას საპროტესტო აქციებით ემუქრება

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები ქალაქის მერიას საპროტესტო აქციებით ემუქრებიან. ადგილობრივები აქციების მოწყობას მას შემდეგ გეგმავენ, თუკი მერია #31 საქალაქო ტრანსპორტის რაოდენობას არ გაზრდის. “მერიამ რამდენიმე თვის წინ შემაცირა #31 ხაზზე დასაქმებული მიკროავტობუსები მაშინ, როცა მჭიდრო დასახლებაა და მგზავრებიც არიან. ახლა, მით უმეტეს, სკოლაშ სწავლა დაიწყო და ბავშვებს აგვიანდებათ. ტრანსპორტი კი სულ მცირე 45 წუთით აგვიანებს”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, ოლინა ჯანელიძე. მოსახლეობა ამბობს, რომ სატრანსპორტო სფერო ბიზნესად აქციეს. “და ამიტომაც არის ამდენი არეულობა ამ სფეროში”, – ამბობენ ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებნი. ბუხაიძე-საფჩხიის მიმართულებით ამ დროისთვის ორი ერთეული #31 მიკროავტობუსი მუშაობს. 2011 წლამდე სამი ერთეული მუშაობდა. თუმცა, მერიის სატრანსპორტო სამსახურმა ერთი მიკროავტობუსი გააუქმა. მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნა მას შემდეგ დაკმაყოფილდება, რაც გადამზიდავი კომპანია მათ აღნიშნულ საკითხზე წერილობით მიმართავს.