December 27, 2014

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საიუბილეო კვირეული დასრულდა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საიუბილეო კვირეული ოპერით ,,ჯამბაზები” დასრულდა. როგორც კვირეულის მთავარი რეჟისორი, მაია გაჩეჩილაძე აცხადებს, კვირეულმა კარგად ჩაიარა და ის რაც დაგეგმილი იყო, თითქმის სრულად განხორციელდა. ,,საოცარი დღე იყო, საიუბილეო კვირეულის ბოლო დღეს ჩატარდა სპექტაკლი “ჯამბაზები”, სადაც გიორგი სტურუას და ხათუნა ჭოხონელიძის სასცენო დებიუტი შედგა. ძალიან დატვირთული კვირა გვქონდა, როგორც მაყურებელი ამბობს, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ. რეჟისორის სიტყვებს ადასტურებს თავად მაყურებლებიც, რომლებიც სპექტაკლის დასრულების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა. ,,გუშინ ვერ მოვახერხე დავსწრებოდი და ძალიან დიდი ზეიმი გამომრჩა, შესანიშნავია, ამაღელვებელია, ფანტასტიურია, არაჩვეულბრივ გარემოს ქმნის. ისეთს, როგორიც ჭირდება ადამიანს კარგი სულიერი ცხოვრებისთვის”, – განაცხადა მადონა ნიჟარაძემ.