ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას ნიკეას ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღის მოსალოდნელი გაუქმების შესახებ.
მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების 31-ე ფილიალში ამჟამად სწავლის პროცესი შეწყვეტილია. აღსაზრდელები და პედაგოგები კი მე-18 და მე-20 ბაგა-ბაღებში არიან გადანაწილებული. ამის მიზეზი კი შენობის ავარიული მდგომარეობა გახდა. „ შენობა ამორტიზებულია. კედლებს აქვს ბზარები. სართულებს შორის არის ნაპრალები. შენობის შესახებ დასკვნას ამზადებს სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო“,-ნათქვამია განცხადებაში. ამ განცხადების თანახმად, 31-ე ბაღის შენობას, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება, რის შემდეგაც ისევ თავის ფუნქციას დაიბრუნებს: “გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა რეაბილიტირებული შენობა სხვა დანიშნულებით იქნეს გამოყენებული, დეზინფორმაციაა. რეაბილიტაციის შემდეგ შენობაში ისევ ბაგა-ბაღი განთავსდება”-აცხადებს მერიის პრესსამსახური.