თებერვალი 20, 2015

ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის შესარჩევად კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს. “პროფესიული თეატრების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ” სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით დირიჟორი, ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი. ” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. კონკურსში მონაწილეობისათვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია: წარდგინება მინისტრის სახელზე; კანდიდატის მიერ შედგენილი თეატრის განვითარების ოთხწლიანი პროგრამა (2-5 გვერდზე); კანდიდატის ვრცელი შემოქმედებითი ჩV, თუ კანდიდატი პროფესიით დირიჟორია, ბოლო პერიოდში განხორციელებული დადგმების და/ან კონცერტების ჩამონათვალი, ამონარიდები რეცენზიებიდან; კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან პასპორტის ასლი; კანდიდატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; კანდიდატის ფოტოსურათი; საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სამ ეგზემპლარად და, ასევე, ელექტრონულად. საკონკურსო დოკუმენტაცია 2015 წლის 6 მარტის ჩათვლით მიიღება .

შეგახსენებთ, გოგი ჭიჭინაძემ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა გუშინ ოფიციალურად დატოვა.