მაისი 13, 2015

NDI-ის კვლევის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” 24%-იანი რეიტინგი აქვს

NDI-ის კვლევების მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, კატეგორია “არ ვიცი” აირჩია გამოკითხულთა 27%-მა, ამის შემდეგ მოდის კოალიცია “ქართული ოცნება 24%-ით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 16%. კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%, რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა “თავისუფალ დემოკრატებს”, 4% – “პატრიორტთა ალიანსს”, 3% – კი “ლეიბორისტულ პარტიას”. რაც შეეხება დანარჩენ 3%-ს – ის მოდის კატეგორიაზე “სხვა”.
რაც შეეხება შეკითხვას, ”ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას”, გამოკითხულთა 56 პროცენტი არჩევნებზე წავიდოდა, 44 კი – მონაწილეობას არ მიიღებდა. ამასთან, კვლევების მიხედვით, კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცმედით ხმას, პასუხებმა – ”არ ვიცი”, ”უარი პასუხზე” და “არც ერთ პარტიას”, ჯამში 45 პროცენტი შეადგინა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.