"ეს ინფორმაცია "ტორპედოს" გვერდზე ვიღაცამ ჰაკერულად გაავრცელა"
"ტორპედოდან ზაალ ჩაჩავას წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია სიცრუეა, ამის შესახებ განუცხადა "ნიუპრესს" ზაალ ჩაჩავას თანაშემწემ, რომელმაც ჩვენს ზარს ზაალ ჩაჩავას ტელეფონზე უპასუხა.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია "ტორპედოს" გვერდზე ვიღაცამ ჰაკერულად გაავრცელა.
ჩაჩავას წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე კლუბის პრეზიდენტს "ტორპედოდან" წასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
ქუთაისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ხუთშაბათს იგეგმება, სადაც მოხდება "ტორპედოსთან" დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
კლუბიდან ჩაჩავას წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც ქუთაისის მერიაში. იქაც ადასტურებენ, რომ შეხვედრა დაგეგმილია 29 აგვისტოს, რომელსაც დაესწრება როგორც მერიის, ასევე ფეხბურთის ფედერაციის და კლუბის წარმომადგენლები. ამ დრომდე უცნობია, სად გაიმართება შეხვედრა, სადაც ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ბედი გაირკვევა.
შეგახსებენთ, "ტორპედოს" ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ზაალ ჩაჩავამ კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ავტორი: ნიუპრესი