ქუთაისში მშენებლობებზე კონტროლი მკაცრდება
ქუთაისის მერიამ ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და ზონირების რუკის პროექტების საჯარო განხილვა მოაწყო. პროექტი ქალაქის განვითარების გეგმის წინამდებარე დოკუმენტია, რომელიც განაშენიანების ახალ წესებს ადგენს. ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ არქიტექტორებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანამშრომლობა შესთავაზა.
"რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ ქალაქის განაშენიანების გეგმის პირველი ვერსია დაიდო. გენერალური გეგმის შედგენას, რომელიც საკმაოდ შრომატევადია, დრო ჭირდება. მანამდე კი, 2008 წელს მიღებული წესებით, რომელიც არანაირ სტანდარტებში არ ჯდება, ჩვენ მუშაობას ვერ გავაგრძელებდით. ამიტომ შევკრიბეთ ქალაქში მყოფი არქიტექტორები და წარვუდგინეთ სამუშაო გეგმა. ქალაქში მშნებელობის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, ამიტომ ქალაქი სამის ნაცვლად 30 ზონად დაიყო, თავისი სხვადასხვა კოეფიციენტებით. ზონების დაყოფა გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა ზონას სხვადასხვა რეგულაცია ექნება. არ შეიძლება კერძო დასახლებებში კორპუსი აშენდეს. ახალი წესით, შესაძლებელი იქნება მწვანე საფარის დაცვა", –განაცხადა შოთა მურღულიამ. მისი თქმით, არქიტექტორებთან მოხდა შეთანხმება, რომ კვირაში ერთხელ შეხვდებიან და თითოეულ უბანს ცალცალცე განიხილავენ, რის შემდეგაც მიიღებენ რეგულაციას, რომელიც გენერალური გეგმის მიღებამდე იმუშავებს.
დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას დადებითად აფასებს "საიას" პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია. მისი განცხადებით, კარგია, რომ ქალაქმა მუშაობა დაიწყო დოკუმენტზე, თუმცა არ უნდა მოხდეს საკითხის ცალსახა შესწავლა. ის დადებითად აფასებს განხილვაში არქიტექტორების ჩართვას, რომელთა მიერ დადგენილი რეგულაციები დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. ნოდარ ჯიქიას განცხადებით, ქალაქმა დადგენილი წესებით ცხოვრება უნდა ისწავლოს.
ქალაქის განვითარებისათვის ცალსახა დოკუმენტის დაწესებას მნიშვნელოვნად აფასებს არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი. მისი თქმით, გეგმის არსებობა აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან არ გაგრძელდეს უსახური მშენებლობები. მას შენიშვნა ჰქონდა რიონის სანაპიროზე კაფეს მშენებლობის შესახებ. დვალიშვილის თქმით, არასწორია სანაპიროზე კაპიტალური მშენებლობა. არქიტექტორის პასუხად შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვა ნაპირსამაგრი სამუშაოების სააგენტომ გასცა.
ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და ზონირების რუკა მწვანე საფარის გაზრდას გულისხმობს. ნებისმიერ მშენებლობაში 20% მწვანე საფარს უნდა ეკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებართვა არ გაიცემა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი