წყალტუბოში 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონი გაიხსნა
დღეს წყალტუბოში 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონი გაიხსნა.
წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით დაიგო მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, დამონტაჟდა ტაბლო, სადრენაჟო და სარწყავი სისტემები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტადიონის რეაბილიტაციისთვის 456 ათასი ლარი დაიხარჯა. გაკეთდა 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, მოეწყო სარბენი ბილიკი, საპირფარეშოები და შემოიღობა სტადიონი.
გახსნის ცერმონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე ესწრებოდნენ.
,,დღეს არის განსაკუთრებული დღე, მე როგორც რიგითი წყალტუბოელი და როგორც მუნიციპალიტეტის მერი ბედნიერი ვარ, რომ ათეული წლების შემდეგ თქვენთან ერთად შევძელით წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონის განახლება, ეს იყო ბევრი წყალტუბოელის, სპორტის ქომაგის, ვეტერანი ფეხბურთელის პირადად ჩემი და თქვენი ინტერესი, მიზანი და დაპირება. დარწმუნებული ვარ, აქ გაიმართება ბევრი მნიშვნელოვანი, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო დონის შეხვედრა, მატჩი, სპორტული ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ასევე წარმატებული, მოტივირებული და ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის აღზრდას’’ -განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
დღესვე განახლებულ სტადიონზე ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, წყალტუბოს საფეხბურთო კლუბმა ,,სამგურალმა " ქედას ,,ბეთლემს" უმასპინძლა.
ავტორი: ნიუპრესი