ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხა გეგმის "გადაჭარბებით" დაიხარჯა
2019 წლის ათი თვის მონაცემებით ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან იმაზე მეტი თანხაა დახარჯული, ვიდრე ფონდში მთლიანად იყო.
მერის სარეზერვო ფონდი 2019 წელს 500 ათასი ლარით განისაზღვრა. როგორც გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად, ქუთაისის მერიიდან "ნიუპრესს" უპასუხეს, 2019 წელს ქუთაისის სარეზერვო ფონდიდან გახარჯულია 544 173.13 ლარი. ამ თანხაში მითითებული არ არის ის 22 ათასი, რომელიც სარეზერვო ფონდში დამატებით გადაირიცხა 28-29 სექტემბრის ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების ზარალის ანაზღაურების მიზნით. როგორც ირკვევა, ამ დროისათვის მერიას სარეზერვო ფონდის მთელი რესურსი გახარჯული ქონდა, რის გამოც საჭირო გახდა თანხის დამატებით მობილიზება.
ქუთაისის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი თანხა მოქალაქეების დახმარების მიზნით გაიცა. კონკრეტულად ვის დაეხმარა მერია, ინფორმაცია კონფიდენციალურია, ციფრები კი ასეთია:
ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცა 1667 მოქალაქეზე, ამ მიზნით სარეზერვო ფონდიდან 456 806 ლარი დაიხარჯა.
დანარჩენი თანხა კი ასე განაწილდა: სტიქიის შედეგად მრავალბინიანი სახლების დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციისთვის- 63 836.68 ლარი,
ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის - 3 700 ლარი (სავარაუდოდ, თეთრი სიდის დაზიანებული 2 მინის აღდგენა)
ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად - 10 395 ლარი და სოციალურად დაუცველი ოჯახების კომუნალური ხარჯების დასაფარად - 9435.45 ლარი.
რაც შეეხება სტიქიით დაზარალებულთათვის დახმარებას, მერიამ ზარალის ანაზღაურების გადაწყვეტილება მხოლოდ 25 ოჯახის მიმართ მიიღო, თუმცა იმ დროისათვის ცხელ ხაზზე 300-მე შეტყობინება შევიდა.
ამ დროისათვის სარეზერვო ფონდის ხარჯი აღემატება 2017 წლის ფაქტობრივ ხარჯს, როდესაც სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის ყველაზე მაღალი ოდენობა 524 ათასი ლარი დაფიქსირდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა