|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

11 წლის ბიჭის შეუზღუდავი შესაძლებლობები

მე-5 კლასელ საბა არიშვილს დაბადებიდან  ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. თუმცა ეს მას ხელს სულაც არ უშლის  იყოს საუკეთესო მოსწავლე, ინოვაციური პროექტებისა და გამოგონების ავტორი. 

  საბა  არიშვილი  ელექტრონულ სათამაშოებს აწყობს , რომელიც მზის ენერგიაზე რეაგირებსმას  ასევე პროექტების მართვის, კომუნიკაციის, ახალი იდეების წარმოთქმის, ჩართულობის   განსაკუთრებული  ნიჭი აქვს. საბამ წელს განახორციელა პროექტი, სახელწოდებით „ნარჩენების პრობლემა საქართველოში“, ასევე ჩართულია „გამოყენებითი ფიზიკის“ საგნის ფარგლებში შექმნილი პროექტის პრეზენტაციაში. ივნისის ბოლოს მიწვეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში პროექტის წარსადგენად. 

   საბას  თავის ტვინის თანდაყოლილი აბცესი აღმოაჩნდა იმ ნაწილზე, რომელიც მარჯვენა ხელ-ფეხის მოძრაობას  არეგულირებს. 18 დღის იყო, როდესაც თავზე მანიპულაცია ჩაუტარდა.  სამედიცინო ჩარევა  შედეგიანი აღმოჩნდა, თუმცა  დარჩა ცალმხრივი გემიპარეზი, რაც  მკურნალობას საჭიროებს. ამ დროისთვის საბას მარჯვენა მხარე პარალიზებული აქვს, ასევე უჭირს გამართულად სიარული და საუბარი, რის გამოც სჭირდება  მუდმივი სარეაბილიტაციო კურსი, რაც  დიდ თანხასთან არის დაკავშირებული და ოჯახი ამას ვერ ახერხებს. ბავშვს სისტემატურად ჭირდება ფიზიკური ვარჯიში, ცურვა, ლოგოპედის კონსულტაცია.

„რთულია ბავშვის დაყოლიება იმაზე, რომ შენ სულ უნდა ივარჯიშო და არ გცალია ეზოში,  მეგობრებთან ერთად  სათამაშოდ. ეს  ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვს. ერთხელ ვარჯიშზე რომ მიმყავდა, ეკლესიის წინ გაჩერდა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა, -„ღმერთო, მომირჩინე ხელი და ფეხი“, ადგილზე გავქვავდი. საბას ისე სჯერა უფლის,  დარწმუნებული ვარ,  შეუსრულდება ნატვრა.  ჩემი ერთადერთი ფიქრი, დარდი და მიზანიც სწორედ ის არის, რომ საბა სრულად გამოჯანმრთელდეს“,- ამბობს საბას დედა, ნათია სოფრომაძე.

მიუხედავად იმისა,რომ საბას აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა დაბადებიდან უწევს,  მაინც შემართებით აგრძელებს ცხოვრებას. საბა ახლა მე-5 კლასშია, სწავლობს კერძო დაწყებით სკოლაში „ღონე ქვეყნისა“.  როგორც საბას დედა გვიამბობს, საბავშვო ბაღში არ იყო აქტიური, არც პირველ კლასში,  ბოლო 4 წელია, რაც  გააქტიურდა და უკვე საკუთარი პროექტების პრეზენტაციას ახდენს.

„ბოლო 4 წელია, რაც ჩამოყალიბდა სრულფასოვან პიროვნებად, აქვს საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირების გამბედაობა და უნარი, მაქსიმალურად ცდილობს გაუკეთოს რეალიზება საკუთარ თავს. ამ ყველაფრისთვის კი ძალიან მადლიერი ვარ სკოლის დირექტორის და პედაგოგების“,-აღნიშნა ნათია სოფრომაძემ.

სკოლის პედაგოგები და დირექტორი განსაკუთრებით აღნიშნავენ საბას შრომისმოყვარეობას, მის უნარებს და ადამიანურ თვისებებს.

 „ყველა მასწავლებელი განსაკუთრებით აღნიშნავს საბას შრომისმოყვარეობას და  წესიერებას, რაც აუცილებლად გამოიღებს  შედეგს და დარწმუნებული ვართ,  ჩვენი სკოლა იამაყებს, რომ საბა ჩვენს აქ სწავლობდა.  მეგობრებთან ერთად, უფროსებისაგან  დამოუკიდებლად  მუშაობს პროექტებზე.  ძალიან მომწონს, რომ თავის კარგ თვისებებს, პოზიციებს  კაცურად იცავს და არ ექცევა გავლენის ქვეშ. ეს არ ისწავლება. ეს შინაგანად აქვს. ვიცი, რომ ძალიან უყვარს სკოლა და ჩვენთვისაც  ძვირფასია საბასთან ურთიერთობა“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი მანანა ქარქაშაძე.

დირექტორის თქმით, საბას ასევე კარგად გამოსდის მხატვრული კითხვა. “მიუხედავად საუბრის თავისებურებისა, საბა არის ძალიან ძლიერი დეკლამატორი. მის წაკითხულ ლექსებს ოვაციის გარეშე არ ჩაუვლია და ზოგჯერ დასვენებაზეც ვაკითხებთ ხოლმე, რომ ვისიამოვნოთ“-ამბობს მანანა ქარქაშაძე.

საბას ოცნებაა, რომ ექიმი გახდეს. ამბობს, რომ რამდენიმე მიზანი აქვს. მისი მთავარი სურვილია,  მშვიდობა იყოს ქვეყანაში, ასევე არ არსებობდეს ავადმყოფობა და ყველა ჯანმრთელი იყოს.

საბას უყვარს სხვების  დახმარება.  დედას თავის პატარა რვა თვის დაიკოს, მარიამის მოვლაში  ეხმარება, ამას დამოუკიდებლად ახერხებს და ჩანს, რომ ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.  ბიჭი წესრიგის მოყვარულია  და  თავის კუთხეს ყოველთვის თვითონ უვლის. 

„ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მგრძნობიარეა, საყვედურის მიცემასაც კი ძალიან განიცდის. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან უყვარს ადამიანების დახმარება. როცა სკოლიდან შინ ბრუნდება, საოცარი სანახავია საბას და მარიამის შეხვედრა. დიდ მზრუნველობას იჩენს საკუთარი დის მიმართ“,- განაცხადა ნათია სოფრომაძემ.

საბა რამდენიმე თვეში ფეხის ოპერაციას გაიკეთებს. იმედი აქვს, რომ ღმერთი დაეხმარება და ისიც სხვებივით შეძლებს სიარულს,  და რაც მთავარია, საკუთარ პატარა დაიკოს ორივე ხელით დაიჭერს.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა