„ინდუსტრიული ქუთაისის“- ჩინური პერსპექტივა
ქუთაისისთვის “ინდუსტრიული ქალაქის” მივიწყებული სტატუსის დაბრუნების შესახებ
ქვეყნის პრემიერმინისტრმა ქუთაისში ყოფნისას დაანონსა. მან ამის გარანტად მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება დაასახელა
და განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება
ქუთაისში ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ,
რაც ჩინური მხარის მიერ ქალაქში დიდი რაოდენობით ინვესტიციების ჩადებას გულისხმობს.
ჩინური კომპანია “ჰუალინგი” საქართველოში 30 წლიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ქუთაისით დაინტერესება შეხვედრაზევე დაადასტურა კომპანია ,,ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტმა
ვანგ შენგ სინმაც. ,,ჩვენი ბიზნესის ერთ-ერთი ძირითადი გათვლა ქუთაისია, ყველაფრს
გავაკეთებთ ამ ქალაქის განვითარებისთვის.“
კომპანია „ჰუალინგთან“ დაკავშირებით სამომავლო თანამშრომლობაზე
საუბრობს ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი. მისი ინფორმაციით, საუბარია მსხვილი ოდენობის ინვესტიციაზე,
რაც ჩინურ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების
პირობებში ქუთაისში შემოვა და ეს ფაქტი ადგილობრივებისთვის ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
,, აქ საუბარია არა ერთი, არამედ რამდენიმე საწარმოს გახსნაზე, სადაც, ცხადია, ძირითადად
ადგილობრივები დასაქმდებიან. ეს პირობები ხელშეკრულებაშივე იქნება ჩადებული. ჩვენი
პრიორიტეტია, ქუთაისელი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები შევქმნათ“.
ადგილობრივი ხელისუფლების ოპტიმისტურ გათვლებს კრიტიკულად
უყურებს მოქალაქეთა ნაწილი. ,,ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც უცხოელები
სათავეში უდგებიან საწარმოებს ქუთაისში და მოლოდინი, რომ იქ ძირითადად ადგილობრივები დასაქმდებიან, არ
მართლდება. რეალობაში სხვაგვარად ხდება. ინდოელები, ჩინელები და არაბები საწარმოში ისევ თავის
ხალხს ასაქმებენ. მივესალმები ქუთაისის ინდუსტრიულ
ქალაქად ქცევის იდეას, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ისევ სახელმწიფო ინვესტიციებით, რატომღაც
მივეჩვიეთ იმას, რომ უმნიშვნელოს ვჯერდებით, ეს არ არის ,,ჭიჭიკია- ბიჭიკიების“ ქალაქი,
ჩვენ გვაქვს საკუთარი გონებრივი პოტენციალი
იმისა, რომ საქმე დამოუკიდებლად ვაკეთოთ“,- აღნიშნავს მოქალაქე თამარ ჯაფარიძე.
კითხვაზე, როგორ შეაფასებთ ქუთაისში ჩინური კომპანიის
შემოსვლას და ახალ ინვესტიციებს, ადგილობრივი მათე აბულაძე პასუხობს: ,,აქ ახალი არაფერია,
ქუთაისი ინდუსტრიის ქალაქი იყო წლების წინ,
ამ სტატუსის მინიჭება ნიშნავს ძველი სახელის დაბრუნებას, თუ ეს ახალ სამუშაო ადგილებს
შექმნის და დაუსაქმებელ ადამიანებს მათი შრომის ადექვატური ანაზღაურება ექნებათ, რატომაც არა. იყოს უცხოური კომპანია, რადგანაც ფაქტია, რომ ადგილობრივ
დონეზე ჩვენ ამის რესურსი არ გაგვაჩნია“.
უცხოური ინვესტიციების საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრობს
ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი: ,,ზოგადად, სწორად განხორციელებული
ინვესტიცია ქალაქში ეკონომიკურ აღმავლობას უწყობს ხელს, ასე ხდება მსოფლიოს არაერთ
ქვეყანაში. ჩვენც, იმედს ვამყარებთ, რომ სწორი ადმინისტრირების შემთხვევაში,
აღნიშნული ზონა ქუთაისისთვისაც სწორი ეკონომიკური
ბიძგის მიმცემი გახდება.“
ის, რაც ადგილობრივი
თვითმმართველობისთვის ქალაქის ეკონომიკური
აღმავლობის საფუძველია, სკეპტიკურ პროგნოზებს იწვევს ოპოზიციაში და თვითმმართველობის
პერსპექტივებს ქუთაისის ინდუსტრიულ ზონად ქცევის შესახებ, ილუზიად
აფასებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოტე რატიანი მიიჩნევს, რომ არსებული
არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ქუთაისში მილიონიან ინვესტიციას არცერთი
მსხვილი მეწარმე არ ჩადებს. „ეს არის მორიგი
ბლეფი, არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის
პირობებში არცერთი უცხო კომპანია არ მოინდომებს აქ მრავალმილიონიანი ბიზნესის კეთებას.
ყველა ბიზნესმენს ჭირდება იმის გარანტია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ინვესტიციებს ჩადებს,
მისი ბიზნესი დაცული იქნება. იმ ფონზე, როცა
ქვეყანას ვალუტა გაუფასურებული აქვს, არ არის არანაირი სტაბილურობის განცდა ეკონომიკურად
და გაზრდილია კრიმინალი, არცერთი ბიზნესმენი დიდ თანხას ეკონომიკაში არ ჩადებს“, -
ამბობს კოტე რატიანი
ზოგადად აღნიშნული ჩინური კომპანიის ბიზნეს წარსულს
თუ გადავხედავთ, „ჰუალინგი“ ნამდვილად მსხვილი კომპანიაა მსოფლიო ბაზარზე. იგი 20 წელია
არსებობს, ჯგუფში სამშენებლო, დეკორაციებისა და დიზაინზე მომუშავე კომპანიები შედის.
კომპანია ამ ეტაპზე 300 მილიონიან ინვესტიციას
თბილისში ახორციელებს. კომპანია ოლიმპიურ ქალაქს
აშენებს.
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიულ ზონად ქცევის ფარგლებში
დეპუტატი უმცირესობიდან გია თევდორაძე, ხელისუფლებას უახლოეს წარსულს ახსენებს: ,,როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ,
კარგად გაიხსენონ 2009 წელს ძალაში შესული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ კანონი და ორი ასეთი ზონა, ჩინური და არაბული. აქ 1700 ადამიანიდან მხოლოდ 35 დარჩა დასაქმებული.
ამის შემდეგ, ქუთაისის თავისუფალ ზონად ქცევის
და აქ მრავალი ადგილობრივის დასაქმებაზე საუბარი არის ფოჩიანი კანფეტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს
უნდა ქუთაისელებს შემოგვაჩეჩოს მთავრობის სახლის და პარლამენტის საპირწონედ. ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური ტრიუკი, რომელიც უკვე აღარ გამოვა, რადგან ხალხს სჭირდება კონკრეტული გეგმა ახალ გამოწვევებზე
საპასუხოდ. რაც შეეხება ჩინური კომპანიის მრავალმილიონიან
ინვესტიაციას ქუთაისისთვის, ეს არის მორიგი
ტყუილი და მსგავსი არაფერი მოხდება“.
თუმცა ის, რასაც მმართველი გუნდის პოლიტიკური მეტოქეები
მორიგ ტყუილად აფასებენ, თავად „ჰუალინგის“
წარმომადგენელმა ქუთაისში ვიზიტისას დაადასტურა. კომპანია ,,ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტმა ვანგ შენგ
სინმა ქუთაისით დაინტერესების შესახებ ასეთი
კომენტარი გააკეთა: ,,ჩვენი ბიზნესის ერთ-ერთი
ძირითადი გათვლა ქუთაისია და ყველაფერს გავაკეთებთ ამ ქალაქის განვითარებისთვის“.
ხელშეკრულება, რაც ქუთაისის ინდუსტრიულ ზონად ქცევის
ფარგლებში უნდა გაფორმდეს, მერიის ეკონომიკური
სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის ინფორმაციით, უახლესი პერსპექტივაა და ოპონენტების მიერ ,,ბლეფად“
წოდებული ბიზნესპარტნიორობას საფუძველი ქუთაისსა და ჩინურ კომპანიას შორის მაისში გაფორმებული
ხელშეკრულების პირობებით ჩაეყრება.
ავტორი: ეკა შალამბერიძე