სამტრედიაში დევნილებისათვის გადაცემული შენობა ინგრევა
სამტრედიაში ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში შეასახლებული 45 დევნილი ოჯახი კვლავ პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ინგრევა შენობა, არ აქვთ წყალი, სამაგიეროდ ჰყავთ ქვეწარმავლები.
"ვითხოვთ, ან გაარემონტონ შენობა, ან გაგვასახლონ. ვითომ კეთილმოწყობილ შენობაში შემოვედით და ყველაფერი თავზე გვენგრევა. წყალი არ გვაქვს, ამას ისიც ემატება, რომ ინფექციური საავადმყოფოს დანგრეული შენობიდან ქვეწარმავლები შემოდიან", –აცხადებს ადგილობრივი ნათელა გაბუნია.
დევნილების საცხოვრებელი სახლის ჩამონგრეულ კედლებზე მცენარეები ხარობენ, რაც ადგილობრივების მდგომარეობას უფრო ართულებს. საავადმყოფოს შენობა დევნილებისათვის 2013 წელს დავით დარახველიძის მინისტრობის პერიოდში გარემონტდა. ეს შენობა, შესაძლოა, იყოს ერთ–ერთი იმ საქმეთაგანი, რომელთა გამოც დავით დარახველიძის საქმით პროკურატურა დაინტერესდება.
პრობლემის შესახებ იციან სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ადგილობრივი ხელისუფლება დევნილებს წყლის პრობლემის მოწესრიგებას და ქვეწარმავლების მოშორებას პირდება. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი შენობა გამგეობამ შეიძინა და მისი დემონტაჟი და ტერიტორიის დასუფთავება მოხდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი