|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გეგუთის ციხეში მომხდარი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში,  2014 წელს გეგუთის ციხეში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა და საქმეზე მსჯავრდებულები შოთა შანიძე, ლევან მოისწრაფიშვილი და გიორგი სეხნიაშვილი დამნაშავედ ცნო.

საბოლოო სიტყვა წარმოთქვა მსჯავრდებულმა შოთა შანიძემ. მან სასჯელაღსრულების სისტემა დანაშაულებრივ ქმედებაში ამხილა და განაცხადა, რომ ის პროკურატურასთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა და რომ პროკურატურამ საკუთარი "აგენტი" გაწირა. მან ბრალი დასდო ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და ახსენა ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

"რას ჩადიხართ, როგორ იქცევით, საკუთარი აგენტი გაწირეთ. მე გამომაძიებინეთ ეს საქმე და რადგან ფიგურირებდენ სასჯელაღსრულების დაწესებულების და პროკურატურის მაღალჩინოსნები, არ მოგეწონათ და გამწირეთ. თქვენი დავალებებით ვმოქმედებდი და ამაში ხელფასსაც მიხდიდით. მე წინა ხელისუფლებასთანაც ვთანამშრომლობდი, მაგრამ ისინი ასე არ იქცეოდნენ. საკუთარ თანამშრომელს არ წირავდნენ. მე არ ვარ კარგი ადამიანი, მაგრამ სახელმწიფოებრივად ვაზროვნებ და ვთვლი, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი, თქვენ კი არასახელმწიფოებრივად იქცევით. იძახით, რომ კრიმინალი არაა, ამ დროს ციხეებს კრიმინალები მართავენ. თვითმკვლელობამდე მიმიყვანეთ, ოჯახი გამიმწარეთ და მე მაბრალებთ იმას, რაც თქვენი დავალებით გამოვიძიე. ნამდვილი მკვლელები ქვეყნიდან გაუშვით, ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ მაღალჩინოსნები, მათ შორის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. მე აღარ ვითანამშრომლებ თქვენთან და ამის გამო, რაც ხდება, პასუხს აგებთ "-განაცხადა შოთა შანიძემ.

მისი თქმით, მზადაა არსებულ გარემეობებზე ჟურნალისტებთან ისაუბროს და გაასაჯაროვოს ფარული მიყურადების გზით მოპოვებული ჩანაწერები.

ცნობისთვის, 2014 წელს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გიგა ფარტენაძე ცემის შედეგად გარდაიცვალა. საქმეზე ბრალი სამ პატიმარს წარედგინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შოთა შანიძეს 15 წელი, გიორგი სეხნიაშვილს 9, ლევან მოისწრაფიშვილს 11 წელი მიუსაჯა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა