|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2016 წლის ბიუჯეტის საარჩევნოდ გამოყენებას გეგმავენ"

ქუთაისის მერიის მიერ შედგენილ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს პოლიტიკური პარტიები იწუნებენ. პარტია "თავისუფალი საქართველოსა" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგი მერიის წინ გამართეს და თვითმმართველობა ბიუჯეტის საარჩევნოდ გამოყენებაში დაადანაშალეს. მათი განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტი გაზრდილია, თუმცა თანხები საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსისათვის არის გათვალიწინებული.

"წლევანდელი ბიუჯეტი, როგორც შარშანდელი, გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე და და ქალაქის დაქცევაზე და არაფერია ახალი  ნათქვამი. ისევ არის შეტანილი რესტორნების, მებაღეობის, მენერგეობის, ასევე ბენზინებისა და საკრებულოს წევრების ხელფასების გაზრდის ხარჯები. დამატებითი ააიპების შექმნა და უსაქმურების დაფინანსება. არაფერია განვითარებაზე ნათქვამი, რა პერსპექტივა აქვს ამ ქალაქს და როგორ უნდა განვითარდეს. საკრებულოში არ აქვთ გაცნობიერებული, რა არის საკრებულოს წევრის მოვალეობა. მათი უპირველესი მოვალეობაა მიიღონ გამჭვირვალე ბიუჯეტი, მათ რომ იცოდნენ თავიანთი უფლება, ამ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდნენ"–განაცხადა წულაიამ.

"ქდმ"–ის წევრის, გოგიტა გოგელაშვილის განცხადებით, მათ "ახალი მემარჯვენებიც"უერთდებიან და მალე ფართომასშტაბიან აქციებს დაიწყებენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების საარჩევნოდ გამოყენება არ მოხდეს. მისივე განცხადებით, გაზრდილია სოციალური და ჯანდაცვის ბიუჯეტი, რაც აღიარებაა იმისა, რომ ქალაქში გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა იზრდება და რომ მათთვის სოციალურის დახმარებით მერია საარჩევნოდ ხმების მოზიდვას ცდილობს.

მომავალი წლის იანვრიდან კი ადგილობრივი თვითმმართველობის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

მერიაში აცხადებენ, რომ  ადმინისტრაციული ხარჯები, პირიქით, შემცირებულია და აბსურდულ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი