|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2017 წლიდან ვგეგმავთ თანამშრომლების აყვანას, მათ სტაჟირებას და დასაქმებას" (R)

სააქციო საზოგადოება „იმერი“ გასული საუკუნის 20-იან წლებში ქუთაისში დაარსდა. კომპანიამ ამ ხნის განმავლობაში უამრავი დაბრკოლება გადაიტანა. მიუხედავად ამისა, დროს გაუძლო და დღეისათვის ფუნქციონირებას წარმატებით აგრძელებს. საქართველოს მასშტაბით  ორი სამკერვალო ფაბრიკა ფუნქციონირებს. ერთი კომპანიაა „იმერი“, რომელმაც  საბჭოთა კავშირის ნგრევისა და  საქართველოს დამოუკიდებლობის  პირველ ათწლეულის რთულ პერიოდს დიდი ძალისხმევით გაუძლო.

კომპანიის წარსულსა და დღევანდელ საქმიანობაზე „ნიუპრესი“ სააქციო საზოგადოება „იმერის“   სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მაია სიმონიძეს ესაუბრა.

-როგორც ვიცით,  „იმერმა“ ურთულესი პერიოდი გაიარა, თუმცა, მიუხედავად ამისა,  კომპანია ფუნქციონირებს და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია, რა ხდება დღეს კომპანიაში?

-გასული საუკუნის 20-იან წლებში აშენდა ფაბრიკა, რომლის რეორგანიზაციაც  რამდენჯერმე მოხდა. დღეს ფაბრიკის სახელია - სააქციო საზოგადოება, სამკერვალო „იმერი“. სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროდუქციას ვაწარმოებდით. ძირითადად იკერებოდა ქალისა და მამაკაცის  ტანისამოსი. ე.წ. "შინელები". ურთულესი პერიოდი  იყო 90-იანი წლები, როდესაც კომპანიას არ ჰყავდა დამკვეთი. გამოსავალი იმ ეტაპისთვის ის აღმოჩნდა, რომ საქართველოს ჯარს სჭირდებოდა ფორმები. ჩვენს ფაბრიკაში მოხდა კოპირება. საქართველოში შეიქმნა ქსოვილი, შევკერეთ  და მივაწოდეთ. ეს იყო, რამაც გადაარჩინა იმ პერიოდში ჩვენი ფაბრიკა. გადამწყვეტი როლი კომპანიის შენარჩუნებაში გერმანულ კომპანიას „ლებეკს“ მიუძღვის. კომპანია საქართველოში 1996 წელს შემოვიდა. 1997 წლიდან დღემდე კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან -  გვაწვდის მოდელს, ქსოვილს ჩვენ ვკერავთ და ვუგზავნით. ფაბრიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი ამ მიმართულებით მუშაობას უჭირავს. შემდეგ გამოჩნდა სხვადასხვა ფირმები, იყო იტალიური, თურქული, თუმცა სტაბილურად ვთანამშრომლობთ გერმანიასთან.

-როგორი მოთხოვნები ქონდა გერმანულ ფირმას იმ დროისათვის და როგორ აკმაყოფილებდით დამკვეთის მოთხოვნებს?

- გერმანული ფირმის მოთხოვნა იყო ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან რთული იყო მათ პუნქტუალურობასა და მოთხოვნილებაზე გადაწყობა, თუმცა შევძელით, ვინაიდან სხვა გზა არ გვქონდა. 

-საქართველოს ბაზარზე როდის დაიმკვიდრეთ თავი?

 -ვცდილობდით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან კავშირების დახმარებით როგორმე დამოუკიდებლად მოგვეხერხებინა ბაზარზე გასვლა. 1999 წელს ჩვენთან მუშაობდა ორგანიზაცია  „სერმა“, რომლსაც "მსოფლიო ბანკი" აფინანსებდა. მათი სპეციალისტები და კონსულტანტები მუშაობდნენ ჩვენთან და გვთავაზობდნენ იმ გამოცდილებას, რაც არსებობდა მსოფლიო ბაზარზე, რომ ამ გამოცდილებით  მოგვეხდინა ადგილობრივი ბაზრისთვის პროდუქციის შექმნა. ამ პერიოდში მოვიწვიეთ დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე. მან დაიწყო ჩვენთან თანამშრომლობა, შექმნა მოდელები. გავაკეთეთ გრანდიოზული ჩვენება. მოვიწვიეთ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომ დაინტერესებულიყვნენ ჩვენი პროდუქციით. სამწუხაროდ, მაღაზიებმა დაინტერესება არ გამოიჩინეს. მაშინ საქართველო არ იყო მზად  მიეღო ქართული პროდუქცია და მცდელობა, ადგილობრივ ბაზარზე გასვლა მოგვეხერხებინა, კრახით დასრულდა. 1999 წელმა გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია ჩვენში. გავჩერდით და აღარ ვცდილობდით ჩვენი მარკით რამე შეგვეძინა, თუმცა სურვილმა კვლავ გაიღვიძა. ჩემთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს ბაზარზე ტანსაცმლის მიწოდება არ არის დიდ მოგებასთან დაკავშირებული, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია მორალური მხარე. ის, რომ იქმნება ქართული ნაწარმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა ჩვენთვის.

 2011 წელს, პირველად, ფაბრიკაში გავხსენით ოთახი, რომელსაც დავარქვით "მაღაზია" და მოვახდინეთ პალტოების და შარვლების გაყიდვა. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი პირველი მცდელობა. ახლობლებმა, ნათესავებმა, ნაცნობებმა, გაავრცელეს ინფორმაცია და საკმაოდ წარმატებულად ხდებოდა პროდუქციის რეალიზება. შემდეგ თბილისში გავხსენით მაღაზია, რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა მოგვცა იმის სტიმული, რომ მაღაზია ქუთაისშიც გაგვეხსნა. რამდენიმე თვის წინ ფაბრიკასთან გავხსენით პატარა მაღაზია და დღეისათვის ქუთაისში უკვე ორი მაღაზიაა.

 -ბოლო პერიოდში კომპანია გაფართოვდა, მოხდა შენობის რეაბილიტაცია, ახალი მაღაზიის გახსნა... კომპანია წარმატებულად მუშაობს. ეს გერმანული ფირმის დამსახურებაა, თუ სხვა დიდი დაკვეთებიც აქვს ფირმას?

-გერმანული ფირმა ერთ-ერთია, რომელთანაც ხანგრძლივად ვთანამშრომლობთ. რა თქმა უნდა, არის სხვა ქვეყნის კომპანიები. გვაქვს სერიოზული დაკვეთები, თუმცა არ შეიძლება, არ ავღნიშნო, საქართველოში ძალიან კარგი პროექტი ხორციელდება, რომელიც სერიოზულად დაეხმარა ჩვენს კომპანიას. პროექტის „აწარმოე საქართველოში“ საშუალებით ავიღეთ კრედიტი, 2 წლის განმავლობაში პროცენტს სახელმწიფო იხდის და ჩვენ ამ თანხით საშუალება მოგვეცა განგვეახლებინა საწარმო. მოვახდინეთ საწარმოში ცენტრალური გათბობის დამონტაჟება, რეაბილიტაცია, კონდიცირება. ფაქტიურად, ფაბრიკისათვის  ახალი "სულის შთაბერვა" მოხდა.

                                                                                         

-ქალბატონო მაია, სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ

-2017 წლიდან ვიწყებთ მასიურ მიღებას. ვგეგმავთ 200-მდე თანამშრომლის აყვანას, მათ სტაჟირებას და დასაქმებას.

- როგორი იყო 2016 წელი თქვენთვის და ახალი წლისთვის ხომ არ გაქვთ რაიმე შეთავაზება თქვენი მომხმარებლისათვის?

-2016 წელი კომპანიისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ბოლო 3 თვის განმავლობაში მოხდა შენობის რეაბილიტაცია. გაიხსნა ახალი მაღაზია, ასევე მივიღეთ ახალი დაკვეთები. სააახალწლოდ  მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქციას უპრეცედენტო ფასად. ჩვენს მაღაზიებში შეგიძლიათ შეიძინოთ, კაბები 9 ლარად, პალტოები 39 ლარად და ასე შემდეგ. ვისარგებლებ შესაძლებლობით და "ნიუპრესის" საშუალებით დამდეგ შობა-ახალ წელს მივულოცავ თქვენს მკითხველს, სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს.

შეგახსენებთ, რომ სააქციო საზოგადოება „იმერი“ მიმდინარე წელს ქუთაისის მერიის მიერ გამართულ ბიზნეს დაჯილდოების ცერემონიალზე  ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიად დასახელდა და დაჯილდოვდა. მან "წლის დამსაქმებლი ნომინაციაში გაიმარჯვა.

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი