ქუთაისში "ექვთიმე ღვთისკაცის" ჩვენებას რეზო ჩხიკვიშვილი დაესწრება
ქუთაისში 21 თებერვალს ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი" ჩვენება გაიმართება. ჩვენებას ექვთიმეს როლის შემსრულებელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი დაესწრება, არსებული ინფორმაციით, გერმანიიდან სპეციალურად ამ დღისათვის ჩამოდის.
სტუმრებს შორის იქნებიან ასევე ექვთიმეს ძმის ოჯახის წევრები და, რა თქმა უნდა, ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე და შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები.
ქუთაისის მერიის ააიპი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილის ბაია კოღუაშვილის განცხადებით, ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
"14 საათზე სტუმრები მივლენ პირველ სკოლაში, სადაც ექვთიმე სწავლობდა, 15.00 საათზე წერეთლის უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ექვთიმეს დაბადებიდან 155 წლისთავს ეძღვნება. ამასთანავე, 21 თებერვალი ექვთიმე თაყაიშვილის გარდაცვალების დღეა. შემდეგ კინოჩვენება გაიმართება "კინო საქართველოში", სადაც ფილმის ჩვენება ერთდროულად 4 დარბაზში მოეწყობა, რის შემდეგაც შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მოხდება ფილმის განხილვა", -განაცხადა ბაია კოღუაშვილმა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ხომასურის ფილმი "ექვთიმე ღვთისკაცი" - საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის, ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს გერმანიაში მოღვაწე ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს. ფილმის საპრემიერო ჩვენება თბილისში სიმბოლურად ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეს - 5 იანვარს გაიმართა.
ფილმის ბიუჯეტი 320 ათასი დოლარია. გადაღებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ასევე პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა.
ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან. სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი. კინოსურათის გადაღება ქართველი ხალხის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
"დავასრულოთ ექვთიმეს შესახებ მხატვრული ფილმის გადაღება"
ავტორი: ირინა მაკარიძე