|
  • EUR 1 = GEL 3.4576
  • USD 1 = GEL 3.1794
|

„თეჯირს მიღმა“- 3 მაისს კინო „საქართველოში“ ლაშა გაგოშიძის ფილმის პრემიერა გაიმართება

3 მაისს კინო „საქართველოში“ ლაშა გაგოშიძის ფილმის „თეჯირს მიღმა“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება. დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დაარსებიდან 70-ე წლისთავს ეძღვნება.

ფილმის შესახებ "ნიუპრესს" სცენარის ავტორი დარეჯისორი ლაშა გაგოშიძე ესაუბრა. მისი თქმით, სცენარი შეკრულია თოჯინური გმირის რენეს ამბავით, რომელიც ფრანგი მწერლის ჰექტორ მალოს ნაწარმოების ,,უსახლკაროს“ მიხედვით შექმნილი პიესის ,,ცისფერი კოცონის" პერსონაჟია.

"რენე აირჩევს მსახიობის პროფესიას და გაივლის რთულ გზას პროფესიულ წარმატებამდე, ისევე როგორც თეატრმა გაიარა გზა 1946 წლიდან დღემდე, რომელსაც შემოქმედებითი 5 თაობა ემსახურა. ფილმში იბადება რენე თოჯინების ოსტატთან, შემდეგ პერიოდულად შევიხედავთ სახელოსნოში, თუ როგორ ამზადებენ მას თეატრში წამოსასვლელად, კულმინაცია კი რენეს თეატრში მოსვლა და დიდ სცენაზე დადგომაა. ფილმში მონაწილეობენ მეთოჯინეები და ადამიანები, რომლებიც თეჯირს მიღმა დგანან და დიდი სიყვარულით და პროფესიონალიზმით ემსახურებიან ყველაზე საოცარ მაყურებელს.

მე ამ კედლებში აღზრდილი ვარ და ყოველგვარი კომერციული ინტერესების გარეშე ამ ფილმით გამოვხატე მადლიერება და სიყვარული თაობების მიმართ, ვინც ემსახურებოდა და ემსახურება დღეს ამ საინტერესო ჟანრს. სამწუხაროდ, სპონსორი ვერ მოიძებნა, რომ მეტი შემძლებოდა, ერთადერთი, ვინც მცირედი ფულადი დახმარება შეძლო, პარლამენტის წევრი ბატონი ისკო დასენია, რომლითაც ტექნიკური საკითხები მოვაგვარე. თუმცა, როცა რაღაც ძალიან გინდა და შენს სულიერ მოთხოვნილებად თვლი, ყველაფერს შეძლებ“, -აცხადებს ლაშა გაგოშიძე.

ის მადლობას უხდის ასევე კინოთეატრ ,,საქართველოს“ დამფუძნებელს, ბატონ თენგო აბესაძეს მხარდაჭერისათვის, მერიის კულტურის განყოფილებას და ააიპ კულტურულ დაწესებულება გაერთიანებას.

 

ფილმის ჩვენება კინო "საქართველოში" 3 მაისს 15 საათზე დაიწყება. ფილმის ქრონომეტრაჟი 1 საათი და 5 წუთია.

ფილმში გამოყენებულია ისტორიული ფოტო და ვიდეო მასალა რეჟისორის პირადი და თეატრის არქივიდან.

 ფილმის ოპერატორები არიან ლაშა გაგოშიძე, დათო მირზაშვილი, მამუკა ცეცაძე. მონტაჟი ეკუთვნის მამუკა ცეცაძეს. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.3%
არა - 47.79%
არ იცი - 10.91%
სულ - 678 ხმა