|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"საზოგადოების 45 პროცენტი ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს"

ბოლო დროს გახშირებული ძალადობის ფაქტების გამო საკითხზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ აქტიური კამპანია მიმდინარეობს. ასევე მწვავე პრობლემად რჩება  ბავშვთა მიმართა ძალადობა.

გადაცდომები, როგორც ოჯახში, ასევე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა მხრიდანაც ხდება. რა სასჯელს ითვალისწინებს ბავშვთა მიმართ ძალადობა და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა არასრულწლოვანთა ქორწინების გამო, ამ საკითხზე  "ნიუპრესს"  "გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის"  პროგრამის ხელმძღვანელი  მაია ქურციკიძე ესაუბრა.

 -ქალბატონო მაია, რა მდგომარეობაა ქვეყანაში ბავშვებზე ძალადობის მხრივ, ის მაჩვენებელი, რაც თუნდაც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, არის თუ არა საგანგაშო?

 -სამწუხაროდ, ძალადობა  ყველა ქვეყანასა და საზოგადოების ყველა ფენაში ხდება. თუმცა,  ძალიან ხშირად, ბავშვთა მიმართ ძალადობა შეუმჩნეველია, რადგან იგი ხდება სახლში, ოჯახში, ამასთან  ხალხი მას ყურადღებას არ აქცევს. 2012–2013 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით საქართველოში ჩატარდა კვლევა საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ ბავშვთა მიმართ ძალადობის მიმართ. კვლევის ფარგლებში ასევე მოხდა ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო მექანიზმის, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შეფასება. აღნიშნული მექანიზმი ავალდებულებს იმ პროფესიონალებს, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ, რეაგირება მოახდინონ ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

 კვლევის თანახმად, საზოგადოების 45 პროცენტი თვლის, რომ ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობა დასაშვებია, ხოლო რესპონდენტთა 60 პროცენტი, მამაკაციც და ქალიც, მიიჩნევს, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები. 

კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ სურს „უფლებამოსილი ორგანოები“ ოჯახის საქმეებში ერეოდნენ, თუნდაც ოჯახში ძალადობა ხდებოდეს. უფრო მეტიც, ჩანს, რომ ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა (მასწავლებლების, მანდატურების და სოციალური მუშაკების) 60 პროცენტი ეთანხმება საზოგადოების აზრს, რომ ოჯახის შიდა საქმეები მხოლოდ ამ ოჯახის პირადი საქმეა და სხვები არ უნდა ერეოდნენ.      

 "იუნისეფი" თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რომ გაძლიერდეს ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო მექანიზმი. მაგრამ იმისთვის, რომ ამ ინსტიტუციურმა მექანიზმმა სათანადოდ იმუშავოს, უმნიშვნელოვანესია, ყველამ იაქტიუროს და ამოიღოს ხმა, როდესაც ხედავს ძალადობას. აუცილებელია დაიწყოს სერიოზული დისკუსია და უფრო სიღმისეული განხილვა იმის, თუ რა იწვევს ძალადობას, რა არის ამის მიზეზები. ჩვენ ამჟამად ვსაუბრობთ შედეგებზე, მაგრამ ასევე უნდა ვისაუბროთ მიზეზებზე, საჭიროა შეიცვალოს საზოგადოებაში არსებულს სოციალური ნორმები, რომლებიც უკავშირდება ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას ბავშვის აღზრდისას, ისევე როგორც ძალადობის ფაქტზე რეაგირებისაგან თავშეკავებას.

 -ხშირად მშობელი თავს იმართლებს, რომ როგორც უნდა თავის შვილის, ისე მოექცევა. ამ საქციელს ისინი ძალადობად არ მიიჩნევენ. რა უნდა გაკეთდეს,  რომ მშობლები მეტად იყვნენ გათვითცნობიერებულები ასეთ საკითხებში? რა შემთხვევაში არის ესა თუ ის ქმედება ბავშვის უფლების დარღვევა?

-ძალადობა მძიმე ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე. ძალადობამ, შესაძლოა, ბავშვის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე. გარდა ამისა, მძიმე ტრავმა მიაყენოს და განვითარებაში სერიოზული შეფერხება გამოიწვიოს. ძალადობის უმეტესი შემთხვევები სწორედ ოჯახში ხდება. მნიშვნელოვანია, მშობლები აცნობიერებდნენ ძალადობის მძიმე შედეგებს ბავშვის განვითარებაზე და უპირატესობა მიანიჭონ აღზრდის პოზიტიურ მეთოდებს.  საზოგადოებამ მეტი პასუხისმგებლობით უნდა იკისროს და მისმა თითოეულმა წევრმა უნდა გაითავისოს, რომ მნიშვნელოვანია ხმა აიმაღლოს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში და  თუ ის მოწმეა ძალადობის ფაქტის, შეატყობინოს შესაბამის სამსახურებს.

ბავშვზე ძალადობა აკრძალულია და თუ ბავშვზე მშობლები ძალადობენ, სახელმწიფო სამსახურები უნდა ჩაერიონ და დაიცვან ბავშვი.  „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს სამართლებრივი ჩარჩოს შექმნით ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ნებისმიერი ფორმის არსებობისას მოძალადისაგან არასრულწლოვნის განცალკევების შემთხვევაში სოციალური მუშაკის როლის გაძლიერებასა და მისი ჩართულობის გაზრდას. დღეის მდგომარეობით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვის განცალკევების უფლებამოსილება აქვს პოლიციას. ბავშვის ინტერესის დაცვის მიზნით მისი ოჯახიდან განცალკევება წარმოადგენს უკიდურეს ფორმას და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის, როგორც სპეციალური ცოდნისა და ექსპერტიზის მატარებელი პროფესიონალის, შეფასება და ჩართულობა.

კანონპროექტის თანახმად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნით სოციალური მუშაკს ენიჭება უფლებამოსილება, რომ ბავშვი განცალკევოს მოძალადე ოჯახის წევრისაგან, კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პირისაგან.

 -რამდენად არსებობს რისკი იმისა, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი თავად გახდეს მოძალადე, ან რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს?

 -ძალადობა წარმოშობს ძალადობას და როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, ის შემდგომში თავად ხდება მოძალადე სხვის მიმართ. ის პრობლემების გადაჭრას ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს. ამიტომაც საზოგადოებაში სჭარბობს ძალადობა და აგრესია. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ასევე დიდი რისკის წინაშე არიან, რომ ვერ შეძლონ ნორმალური განვითარება და თავისი პოტენციალის რეალიზება, რაც სახელმწიფოსათვის დიდი დანაკარგი იქნება.

 -რაზე მიანიშნებს ფაქტები სამართალდამცავი უწყებების მიერ არასრულწლოვნებზე არასათანადოდ მოპყრობის, იგივე თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემთხვევა?  ეს არის განზრახ განხორციელებული ძალადობა, თუ სამართალდამცველებმა არ იციან მათი უფლებები და ის, თუ სად გადის ზღვარი?

-ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, „არც ერთი ბავშვი შეიძლება იყოს წამების, სასტიკი, არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან სასჯელის მსხვერპლი“. ამავე უფლებებს უზრუნველყოფს სხვა საერთაშორისო და რეგიონალური შეთანხმებები, რომლებიც ხელმოწერილი და რატიფიცირებულია საქართველოს მიერ.  

 საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოითხოვს ბავშვებთან მომუშავე მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალთა, მათ შორის პოლიციელთა, სპეციალიზაციას. კოდექსის თანახმად, ბავშვებთან მხოლოდ სპეციალურად მომზადებული პროფესიონალები, მათ შორის, პოლიცილები, უნდა მუშაობდნენ.

-მწვავე პრობლემად რჩება ადრეული ქორწინების საკითხი. ხშირად არასრულწლოვანის ნებაყოფლობით გათხოვებას არ აიგივებენ ძალადობასთან, კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, როდის ირღვევა არასრულწლოვანის უფლება და რა ცვლილება შევიდა კანონში?

-ადრეული ქორწინება საზიანო გავლენას ახდენს გოგონების განვითარებაზე. შესაძლოა მათ ჰქონდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, შესაძლო გართულებები ორსულობისას და მშობიარობისას, ხშირად გოგონებს ერთმევათ განათლების მიღების შესაძლებლობა, ისინი ტოვებენ სკოლას, რაც მათ ართმევს უფლებას საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინონ, დამოუკიდებლები გახდნენ, საკუთარი თავის რწმენა მოიპოვონ და თავად მიიღონ გადაწვეტილებები თავიანთ ცხოვრებაზე.  ხშირად ისინი ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი ოჯახის წევრების მხრიდან, რამდენადაც არ შეუძლიათ თავის დაცვა და არ აქვთ საშუალება თავად მართონ საკუთარი ცხოვრება.

 -ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუმდაც ნებაყოფლობითი ქორწინების შემთხევაში?

-კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვის შესახებ, რაც ასევე ითვალისწინებს ცვლილებას სისხლის სამართლის კოდექსში  - ნებისმიერი პირის, მათ შორის, მშობლების მხრიდან არასრულწლოვნის იძულება ქორწინებაზე, ან ნებისმიერ არარეგისტრირებულ კავშირზე, არის დასჯადი და ითვალისწინებს პატიმრობას 2-დან 4 წლამდე.  

სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერების გარდა, აუცილებელია საზოგადოებაში დაიწყოს ფართო დისკუსია არსებული სოციალური ნორმებისა და მავნე ტრადიციების შეცვლის მიზნით.  

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა