|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

7 ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ბავშვს ემუქრება და მშობლის "ბრალია"

ყველა მშობელი მზრუნველია და თავს ევლება პატარას, მითუმეტეს წლამდე ასაკში. თუმცა ყველაზე ფრთხილი და ყურადღებიანი დედაც ვერ გაითვალისწინებს ყველაფერს. ბევრი რამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ძალიან ბევრიც სწორედ მშობლის დაუდევრობის შედეგია. ამიტომ წარმოგიდგენთ 7 საფრთხეს, რომლებიც მშობლებს ყველაზე ხშირად რჩებათ ყურადღების მიღმა და სწორედ მათ ბრალდებათ.

ღია ფანჯარა და ფანჯრები საკეტის გარეშე
ამის გამო საქართველოში არერთი უბედურება დატრიალდა. თანამედროვე ფანჯრები დიდი საფრთხეა პატარასთვის. უფრო დიდი ზომისაა და შედარებით ახლოსაა იატაკთან. მწერების ბადე კი თითქოს უსაფრთხოების ილუზიას ქმნის. ასეც რომ არ იყოს, ღია ფანჯარა უკვე დიდი საფრთხეა. ყოველთვის ვერ გააკონტროლებთ ბავშვის მოძრაობას. ამიტომ ოთახი, სადაც ფანჯარა გააღეთ, ჩაკეტილი უნდა იყოს. თუ ბავშვიც იმ ოთახშია, ოჯახის ერთმა წევრმა ყველა საქმე უნდა გადადოს და ბავშვს უდარაჯოს.

ცხოველები
არც ცხოველთან მარტო დატოვება ღირს. მათგან გამოწვეული ზიანიც საკმაოდ გავრცელებულია. ცხოველს ბავშვი შეიძლება სკვერში ან ეზოშიც გადაეყაროს. შიში და კბენა რომ არ ჩავთვალოთ, წუთში შეიძლება კბილი ან ბრჭყალი გაკრას და ანტირაბული ვაქცინაც "გამოწერილი" გაქვთ. ეს აცრები არასდროს არის სასურველი. არც ეს ნივთიერებაა სასიკეთო და პროცესიც საკმაოდ საწვალებელია.

გაზქურა
ანთებული გაზქურა, რომელზეც ჩაიდანი ან ქვაბი თუხთუხებს, ბევრ ოჯახში გამხდარა საბედისწერო შემთხვევის მიზეზი. შეიძლება გაზქურიდან გადმოდგმული მდუღარეც უადგილო ადგილას აღმოჩნდეს. ასევე მაგიდაზე დადგმული ცხელი ჩაი ან ყავა... სამზარეულოში ასი თვალი და ყური გმართებთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ იქ ცხელი სითხე გეგულებათ.

წვრილი საგნები
პატარა ყველაფერს პირისკენ მიაქანებს. ყოველთვის არის საფრთხე, რომ პირში აღმოჩენილი წვრილმანი ნივთი სასუნთქ გზებში გადასცდეს ან ჩაყლაპოს. ბავშვთა ქირურგიული განყოფილება სავსეა მათი სხეულებიდან ამოღებული უცნაური ნივთებით. ამ ბავშვების მშობლები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ შვილი ნემსს, ბოლტს ან ღილს გადაყლაპავდა... სასუნთქ გზებში მოხვედრილი საგანიც სასიკვდილო საფრთხეა ბავშვისთვის. დამალეთ ეს ყველაფერი. შეიძლება თავადაც ვეღარ იპოვოთ, მაგრამ  რისკი ამად ღირს.

წამლები
აქ ახსნა-განმარტებაც ზედმეტია. ყველა იცის, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ წამლებით თამაში... ესეც გადამალეთ.

ელექტრო ქსელი 
ელექტრო ნივთები ყოველთვის დიდი ინტერესს იწვევს პატარებში. ასევე მიმზიდველია მათთვის დენის წყაროს ნახვრეტები, სადაც ყოველგვარ საგანს ტენიან. ამიტომ "შტეპსელები" დახშული გქონდეთ. ბავშვმა შეიძლება უთოც ჩართოს და დედასავით დაუთოვებას შეუდგეს, ან სარეცხის მანქანაში სცადოს შეძრომა, რისი მაგალითებიც მრავლადაა. 

საყოფაცხოვრებო ქიმია
იმდენნაირი საწმენდი, სარეცხი და ლაქების ამომყვანი საშუალება გროვდება ოჯახში, თანაც ჭრელა-ჭრულა შეფუთვით, რომ ბავშვსაც არ რჩება ყურადღების მიღმა. მას ზუსტად ის ნივთები იტაცებს, რასაც უფროსები იყენებენ. მათგანაც დიდი საფრთხე გელით - დამწვრობა, ინტოქსიკაცია, ალერგია... 

ეს შვიდეული ყველაზე გავრცელებული საფრთხეებია, თუმცა ბავშვი ყველაზე უსაფრთხო გარმოშიც შეიძლება "შარს გადაეყაროს". ამიტომ, როცა ოჯახში პატარაა, პირველ ადგილზე ყურადღება დააყენეთ. სადილიც მოესწრება და სტუმარიც მოგიტევებთ, მთავარი ბავშვი და მისი უსაფრთხოებაა. 

 

 

წყარო: mshoblebi.ge

ავტორი: