|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„9 აპრილის მემორიალის ადგილის მიმართ მერიის ინტერესები იკვეთება"

„9 აპრილის მემორიალის ადგილის მიმართ  მერიის ინტერესები იკვეთება“-ასე აფასებს მემორიალის შესაძლო გადატანის ფაქტს გია გოქაძე. არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ქუთაისის მერი მემორიალის გადატანას მხარს ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებული ინტერესების გამო უჭერს.

„საკრებულოს დეპუტატმა გააჟღერა ინფორმაცია, თითქოს მემორიალი შეურაცხყოფილია და ამიტომ მისი გადატანა უნდა მოხდეს, რასაც დაეთანხმა მერი შოთა მურღულია და  სავარაუდო ადგილიც დაასახელა, სად შეიძლება მონუმენტი დამონტაჟდეს. არავის გაუპროტესტებია ფაქტი და არ უთქვამს, რომ მემორიალი კი არ გადაიტანონ, არამედ რესტორანი დააჯარიმონ, რისი ბერკეტიც მერიას აქვს. თქვენ გინახავთ ვინმე ხელისუფლების წინააღმდეგ წასულიყო, თუ მერიამ რესტორნის მეპატრონე გააფრთხილა, ისინი ხომ არ გაიმეორებდნენ დანაშაულს? მაგრამ აქ სხვა ფაქტია, ალბათ, გამოჩნდა ვინმე დაინტერესებული პირი, ვისაც ადგილის ხელში ჩაგდება სურს. რატომაც არა, კარგი ადგილია ქალაქის ცენტრში, მემორიალსაც თუ გადაიტანენ, მისი გასხვისება პრობლემა არ გახდება“, - განაცხადა გია გოქაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი მოხდა „ოქროს ჩარდახის“ მიმდებარედ კაფეს მშენებლობის შემთხვევაშიც. ჯერ ტერიტორია გასხვისდა, შემდეგში კი მშენებლობა მოხდა.

„არის რაღაც ღირებულებები, რასაც არ უნდა შევეხოთ, მაგრამ შოთა მურღულიას ეს არ აინტერესებს, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს ეხება, მსგავსი კანონდარღვევით დაიწყო მშენებლობა „ოქროს ჩარდახთან“. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაეთანხმონ საკრებულოს გადაწყვეტილებას და არ გადაიტანონ მემორიალი“, -აცხადებს გოქაძე.

მემორიალის გადატანის საკითხი აგვისტოში საკრებულომ გააჟღერა. დეპუტატ ირმა პეტრიაშვილის განცხადებით, შესაძლოა,  მემორიალისთვის ახალი სკულპტურის შესაქმნელად კონკურიც გამოცხადდეს. 9 აპრილის მემორიალის მიმდებარედ ღია რესტორნის გახსნა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. მემორიალის გარშემო ხმაური დღემდე გრძელდება.

მომუმენტი მოქანდაკე რეზო რამიშვილმა სპეციალურად 9 აპრილის გმირების ხსოვნის საპარივცემულოდ შექმნა. წინა ხელისუიფლების დროს,  მემორიალი გადაადგილეს. ქანდაკების შეღებვის დროს მოქანდაკე სიმაღლიდან  გადმოვარდა და დაიღუპა. 

საკითხთან  დაკავშირებით ქუთაისის მერია კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა