|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აბუჩად აგდებაც ამას ჰქვია" - ქუთაისში ცხელების ცენტრის მედპერსონალი მიზერულ ანაზღაურებას აპროტესტებს

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრში ხელფასებთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. კლინიკის მედპერსონალის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აქცია გამართეს, ხელფასი დაერიცხათ, თუმცა არასრული ოდენობით. მათი თქმით, პანდემიის პირობებში ოთხი თვის ხელფასი ქონდათ ასაღები, თუმცა რამდენიმე დღის წინ მხოლოდ მიზერული თანხა დაერიცხათ.

"აბუჩად აგდებაც ამას ჰქვია, ჩხობაძის კლინიკაში მედპერსონალს დაერიცხათ თანხა, მაგრამ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა კლინიკის ხელმძღვანელობამ, როცა გარკვეულ თანხას ურიცხავდა მედმუშაკს? ქაოსია, ვერ გაიგებთ, მაგალითად, ექთნის თანაშემწეს რატომღაც მეტი აქვს დარიცხული, ვიდრე თვით ექთანს, ლიფტიორის თანხა ბევრად მეტია რენტგენ ლაბორანტის თანხაზე, ვერ გავიგეთ იქნებ კეთილი ინებოს ხელმძღვანელობამ და აგვიხსნას, რაშია საქმე, თორემ სამართალს სხვაგან ვიპოვით"-წერენ კლინიკის თანამშრომლები სოციალურ ქსელში.

ისინი საკუთარი უფლებების დაცვას აპირებენ და არაა გამორიცხული,  აქცია კვლავ გამართონ. ჩვენი ინფორმაციით, თანამშრომლები უკვე შეხვდნენ კლინიკის ხელმძღვანელობას, თუმცა კლინიკის დირექტორს მომხდართან დაკავშირებით პასუხი არ აქვს. გოგიტა ბაბუნაშვილის განცხადებით, არ იცის, რატომ დაირიცხა ხელფასი გაურკვეველი ოდენობით და განმარტავს, რომ საკითხის გარკვევას რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან გეგმავს.

"რეგიონული ჯანდაცვის დაქვემდევარებში ვართ, ხელფასებიც მათ მიერ დაირიცხა. არ ვიცი, რა პრინციპით მოხდა, ვესაუბრე მათ და როგორც მითხრეს, რაღაც გაურკვევლობაა"- განაცხადა გოგიტა ბაბუნაშვილმა. კითხვაზე, რეგიონული ჯანდაცვა აპირებს, თუ არა საკითხის შესწავლას ამბობს, რომ მას ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ აქცია გამართეს. მათი თქით, პანდემიის პირობებში ე.წ. ცხელების ცენტრსა და კარანტინში იმუშავეს, თუმცა ოთხი თვის ანაზღაურება არ აუღიათ.

ავტორი: ნიუპრესი