|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადამიანები, რომლებიც თოვლის ბაბუას საახალწლოდ სინათლეს თხოვენ (ფოტო)

  ყოველი დღე ქალაქის ქუჩების დასუფთავებით იწყება, დანგრეულ შენობაში ყოფნით გრძელდება და ხვალინდელი დღის მოლოდინით სრულდება. რთულია იმ რეალობაში ყოფნა, სადაც ელემენტარული საარსებო პირობა არ არის და ზამთრის სუსხიან და გრძელ ღამეებს სიცივეში, უშუქობასა და სიდუხჭირეში ხვდებიან.

 ქუთაისში, საპროექტო ქარხნის შენობას სოციალურად დაუცველი 5 ოჯახი აფარებს თავს. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები. საერთო საცხოვრებელთან ერთად მათ გასაჭირიც ერთი აქვთ. ერთ ოჯახად ცხოვრობენ, გაუსაძლის პირობებს ერთად ებრძვიან.

76 წლის ვარლამ გიორგაძეს ასთმა აწუხებს. 5 წელია, რაც ამ შენობაში ცხოვრობს. თავდაპირველად ფიცრებზე ეძინა, შემდეგ მეზობლებმა ძველი ლეიბი აჩუქეს და რამდენიმე დღეა, ამის გამოც ბედნიერი იღვიძებს. ოჯახი დიდი ხნის წინ დაკარგა. ახლა მხოლოდ შენობაში მცხოვრები ადამიანების იმედით ცხოვრობს. მისი შემოსავალი სოციალური დახმარება და პენსიაა. ამბობს, რომ ნახევრად მშიერია ხოლმე, რადგან მისი დანაზოგი მთლიანად მკურნალობაში ეხარჯება და საკვებად თანხა აღარ რჩება.

"სახლი არ მომცეს. თანხა მომტაცეს და დამტოვეს ასე ქუჩაში მარტოსული. 160 ლარი მაქვს პენსია, 60 ლარი დახმარება, მკურნალობაში 200 ლარს ვხარჯავ. წამლებს ხან ვყიდულობ, ხან ვერა. 40 წელი საგზაო დეპარტამენტს ვემსახურე. ჭაში ჩავვარდი და მას შემდეგ დავავადდი. რაც გამაჩნდა ბანკში მქონდა შენახული, მინდოდა ტკბილი სიბერე მქონოდა, მაგრამ შევარდნაძის მთავრობამ  წამართვა და დავრჩი ასე, ქუჩაში. 1974 წლიდან ვწვალობდი და რისთვის, რომ ვიღაცის შენობაში სიბნელესა და წვიმაში გამეტარებინა სიბერე?.. 5 წელია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ, არავის აინტერესებს, რას ვჭამ, რას ვსვამ. გაძაღლებული სიბერისთვის შევალიე ჩემი შრომა - წვალება",-ამბობს ვარლამ გიორგაძე.

ანალოგიურ პირობებში უწევს ყოფნა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ხათუნა ბასილაძეს. 3 წელია, საპროექტო ქარხნის შენობაში ცხოვრობს. მეუღლე დიდი ხნის წინ დაკარგა. ქირის გადახდა დამოუკიდებლად ვეღარ შეძლო და საცხოვრებლად მიტოვებულ შენობაში გადმოვიდა. მას ახლა მარტო უწევს შვილის გაზრდა, სიცივესა და სიბნელეში. დასუფთავების სამსახურში მუშაობს, ხელფასის გარდა, 100 ლარს დახმარებას იღებს. თუმცა, ამ თანხით მაინც ვერ უზრულნველყოფს ნორმალურ პირობებში ბავშვის გაზრდას. გიორგი 8 წლისაა, მისი ოცნება ცეკვაში სიარული იყო და ეს თხოვნა დედამ შეუსრულა. უნდა, რომ კარგი მოსწავლე გამოვიდეს და ბევრს მიაღწიოს. საახალწლოდ თოვლის ბაბუას ველოსიპედი თხოვა, მაგრამ იმედი აღარ აქვს, რადგან წინა წელს თოვლის ბაბუს არ გაახსენდა.

მიტოვებულ შენობაში მცხოვრები 5 ოჯახიდან, თითქმის ყველას მძიმე სოციალურ პირობებში უწევს ყოფნა. მათთვის ყოველი დღე ერთნაირია. დილით ქუჩებს ასუფთავებენ და საღამოს ერთ ოთახში იკრიბებიან, მოგროვებულ ფიჩხებს წვავენ, თბებიან და თან საუბრობენ, სანამ შეშა გათავდება და ოთახი საყინულედ გადაიქცევა. საახალწლო განწყობა ნაკლებად აქვთ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ვინმე მათაც გაიხსენებს. მათვის ყველაზე დიდი საჩუქარი ელექტრო ენერგიის მიწოდებაა. ამბობენ, რომ თანხას გადაიხდიან, ერთი ნათურა მაინც რომ აანთონ და ერთმანეთი დაინახონ. ეს მათთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მათივე თქმით, აღნიშნული თხვონით ადგილობრივი თვითმმართველობას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

30 წელია, რაც ეპილეფსიითაა დაავადებული. 13 წლის იყო როდესაც პენსია 28 ლარი დაუნიშნეს. ახლა 37 წლის არის, ჯანმრთელობის გამო ვერ მუშაობს, ყავს არასრუწლოვანი შვილი. რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნულ შენობას შეაფარა თავი. მანამდე ქირით ცხოვრობდა, თუმცა გასტუმრება ვეღარ შეძლო და სახლიდან გამოაძევეს.

"ჯანმრთელობის გამო არცერთ სამსახურში არ მიმიღეს. მხოლოდ 100 ლარზე ვარ. არასრულწლოვანი შვილი მყავს. ვერ ვასწავლი, რა თქმა უნდა, წამალს ვერ ვყიდულობ. 100 ლარით გაგვაქვს  თვიდან-თვემდე თავი. 100 ლარი, რომელიმე პოლიტიკოსს ეყოფა? პენსიის გაზრდის იმედი მქონდა, თუმცა უშედეგოდ. ახალი წელი ჩემთვის ისეთივე იქნება, როგორიც ძველი, რადგან ჩვენ მთავრობას საერთოდ არ აინტერესებს გაჭირვებული ხალხი. სამჯერ მივმართე მერიას განცხადებით, სამივეჯერ უარი მომივიდა დახმარებაზე. არავის და არაფრის იმედი მაქვს. ყოველი დღე ერთნაირია და არ მაქვს იმედი, რომ სხვანაირი ახალი წელი გაგვითენდება აქ მცოვრებლებს,"- განაცხადა მანანა ბუცხრიკიძე.

შენობის ეზოში ერთი პატარა  მოშენებული ოთახია, სადაც ჟუჟუნა ბებო აფარებს თავს. მას სახლი სტიქიამ დაუზიანა და დღემდე სევდიანი თვალებით გადაყურებს საკუთარი სახლის ნანგრევებს. 5 წელზე მეტია,  ერთ ოთახში ცხოვრობს  მოლოდინში, რომ ოდესმე სახლი ექნება და სიბნელეში არ მოუწევს დარჩენილი ცხოვრების გატარება. მასაც ერთი ოცნებაა აქვს, ტელევიზორის ყურება ენატრება და იმედი აქვს, რომ ეს სურვილი ოდესმე აუსრულდება.

"5 წელზე მეტია, ერთ ოთახში ვცხოვრობ, სადაც მხოლოდ საწოლი მიდევს. სხვა არაფერი ეტევა. სამსახური არ მაქვს,  ქუჩაში წვრილმან ნივთებს ვყიდი, რომ საჭმლის ფული მოვაგროვო. სოციალური დახმარება 60 ლარი მაქვს და პენსია. სულ ეს არის ჩემი შემოსავალი, რითაც ამდენ ხანს მოვაღწიე. მპირდებიან, რომ ბინით დაგვაკმაყოფილებენ, თუმცა პირობა პირობადვე რჩება",-აღნიშნა ჟუჟუნამ.

 ახალი წლის მოლოდინი და განწყობა არცერთს აქვს, თუმცა, თავისებურად მაიც იწყებენ მზადებას. ახალ წელს ხათუნას ოთახში   დღესასწაულის აღსანიშნად იკრიბებიან, თუმცა დღის საათებში უნდა მოასწრონ, რადგან 18:00 სათის შემდეგ, მათთან ბნელდება.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა