|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადამიანმა რატომ უნდა იცოდეს ყველაფერი?" - მეუფე ანტონი მედიას ადანაშაულებს

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მეუფე ანტონმა მის სკანდალურ ქადაგებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, მედია ცუდ სამსახურს აკეთებს, ინფორმაციაზე ძალადობს.

"ვინ უფრო ცუდად მოქმედებს, სასულიერო პირმა რომ გააკეთა, თუ იმათ, მთელს მსოფლიოს რომ გააგებინეს? ადამიანმა რატომ უნდა იცოდეს ყველაფერი? ინფორმაციაზე ძალადობთ და ინტერპერეტაციას აძლევთ, თქვენ შესვით ხალხი ამაზე. ხომ არის სიტყვის თავისუფლება, ჩემი სიტყვა არ არის თავისუფალი? მე გეკითხებით, თუკი ასეთია ევროპა, გინდათ? ჩემთვის გავაკეთე დასკვნა, რომ თუ კი იმათი ხალხია და ასე იქცევიან, აქედან რა გამოდის, საიდან მოგდით ეს ამბები? ამასაც ისეთ ინტერპრეტაციას გაუკეთებთ, რომ არ ვაპირებ ამაზე საუბარას, ვისაც ჩემი აზრი აინტერესებს, მოდის ტაძარში. სანანებელი რა მაქვს, თქვენ უნდა ჩაგაბაროთ აღსარება? ეს ჩემი სივრცეა და დატოვეთ ტერიტორია"-განაცხადა მეუფე ანტონმა.

სუს-ის მიერ ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებაზე აცხადებს, რომ მან არ იცის, რა გამოძიება დაიწყო. კითხვაზე, თავად ხედავს თუ არა შუღლის ნიშნებს მეუფე გიორგის განცხადებაში, პასუხობს, რომ რასაც ფიქრობს, ამაზე იქ ისაუბრებს, სადაც საჭიროა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი