|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"ADIOS ქუთაისი! მადლობა ბოლო 13 წლისთვის"–ქუთაისელი ახალგაზრდის იძულებითი ემიგრაცია

 "ADIOS ქუთაისი! მადლობა ბოლო 13 წლისთვის"–ქუთაისელი ახალგაზრდა ემიგრაციაში გამგზავრების მიზეზებსა და მის მიერ განვლილი გზის შესახებ  "ნიუპრესს ესაუბრა. როგორც განმარტავს, მის სამომავლო გეგმებში საქართველო ვეღარ ხვდება, რადგან ქუთაისთან კავშირის ბოლო მიზეზიც წაართვეს. ამბობს, რომ ქვეყნიდან ხანგრძლივი პერიოდით მიდის და აპირებს საკუთარი შესაძლებლობები სხვა ქვეყანაში გამოავლინოს.

არჩილ სხვედიანი 10 წლის განმავლობაში ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი იყო.  ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდა მშობლიურ ქალაქში არაერთი ინოვაციის დანერგვას შეეცადა.  მისი ორგანიზებით ქუთაისში გერმანული ცენტრი დაფუძნდდა, ასევე საჯარო ბიბლიოთეკა ელექტრონულ ფორმატზე გადავიდა და ბიბლიოთეკის მკითხველს ელქტორონული წიგნით სარგებლობა შეეძლო. მისი ორგანიზებით ბიბლიოთეკაში არაერთი ღონისძიება გაიმართა და მისივე ინიციატივით ქალაქში ვიზიტად მყოფმა არაერთმა ტურისტმა გაიცნო ქუთაისი და საქართველო უფრო ახლოს. არჩილ სხვედიანი არის Couchsurfing-ის ერთადერთი ამბასადორი საქართველოში და Google-ის ადგილობრივი გიდი.
მიუხედავად არაერთი წარმატებისა, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ახალმა ხელმძღვანელობამ ის სამსახურიდან იმ დროს გაათავისუფლა, როდესაც შვებულებით მეუღლის სამშობლოში იმყოფებოდა და შვილის დაბადებას აღნიშნავდა. არჩილ სხვედიანმა სამსახურის გადაწყვეტილება იმ დროს შეიტყო, როდესაც გასაჩივრებისთვის ვერ მოახერხებდა ჩამოსვლას. სამშობლოში დაბრუნებულს კი გამოუცხადეს, რომ სამსახურიდან "გაპარვის" გამო გაათავისუფლეს, მაშინ, როდესაც მისი თქმით, სამსახურიდან შვებულებაში განცხადების საფუძველზე წავიდა. 

–გვიამბეთ თქვენს შესახებ


–მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. მეგობარს, როგორც თვალსაჩინოებას, 21-ე საუკუნეში დაემატა: მაჩვენე შენი პროფილი ინტერნეტში და გეტყვი ვინ ხარ შენ. საბჭოთა კავშირის პერიოდის ჩაკეტილი აზროვნება ნაწილობრივ შეიცვალა ინტერნეტის გავლენით. ნივთზე, მოვლენაზე, ადამიანზე წარმოდგენის შესაქმნელად ინტერნეტ-სივრცე სულ უფრო ხშირად გამოიყენება. ზოგს არ მოსწონს ღია სივრცე, ზოგს თავისებურად ესმის, ზოგი კიდევ წარმატებულად ითვისებს ამ ახალ რესურსს. საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების მიღების შემდეგ ევროპაში, გერმანიის ელიტარულ უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგში 5 წელი გავატარე. იქ ჩემი ზედმეტსახელი იყო "Überflieger". დროის ამ მონაკვეთში იყო პირველი მოგზაურობა ევროპაში, არაბულ ქვეყნებში და აზიაში. 2008 წლიდან 5 წლის განმავლობაში, გოეთეს ინსტიტუტის გერმანული საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ქუთაისში. 2013 წლიდან ქუთაისურ Stage-ზე ვიყავი, როგორც Couchsurfing-ის ერთადერთი ამბასადორი საქართველოში და Google–ის ადგილობრივი გიდი, პროფილის 200 მილიონზე მეტი ნახვით.

–რა არის Couchsurfing?


–ეს არ არის მხოლოდ მოგზაურების შეხვედრის ადგილი, აქ შეიძლება საინტერესო ადამიანების, ადგილობრივების გაცნობა. მათი დახმარებით აქტუალური ინფორმაციის, დახმარების მიღება, რომელიც შეიძლება ვერ შემოგთავაზოთ Lonelyplanet-მა, TripAdvisor-მა ან სხვა ცნობილმა საიტმა. Couchsurfing-ი არის ონლაინ-რეპუტაცია, რომელსაც ვერ მიიღებთ მემკვიდრეობით, ვერ შექმნით ბიძაშვილ-მამიდაშვილის დახმარებით, ვერ იყიდით. სამაგიეროდ, თუ თქვენი იმიჯი ჩამოყალიბდება, როგორც ექსტრაორდინალური და პოზიტიური, ის აღარ უკავშირდება ერთ ქალაქს, ან ერთ კონკრეტულ ქვეყანას. Couchsurfing-ი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ვირტუალური “სახელმწიფო” ხუთივე კონტინენტზე, დღეისათვის 20 მილიონამდე რეგისტრირებული წევრით. განსაკუთრებული კონტრიბუციისთვის, ამ საიტს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ჰყავს საკუთარი ამბასადორები. ეს ადამიანები, Couchsurfing-ისთვის ასოცირდებიან საკუთარი იდეის ეტალონთან. თქვენი რეპუტაცია, უკვე თქვენი სავიზიტო ბარათი ხდება, სადაც უნდა წახვიდეთ.

–რა ეტაპზეა Couchsurfing-ი საქართველოში?


-სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ რჩება სიღარიბის დაძლევის ეტაპზე. სამწუხაროდ, ეს სიღარიბე ვნებს და აფერხებს ქვეყნის სწრაფ განვითარებას. სამწუხაროდ, საქართველოში საგანმანათლებლო სფერო ვერ არის ძლიერი. განათლება უზარმაზარ ინვესტიციებს საჭიროებს, უკეთეს ვარიანტში, 20-30 წლის შემდეგ რომ გვექნეს სერიოზული პროგრესის ნიშნები. ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია - ამბობენ… ამ ლოგიკით, ამორტიზირებულ შენობაში, ამორტიზირებული სული სახლობს. ეს სიღარიბე ყველაზე თვალსაჩინო არის საჯარო ბიბლიოთეკაში. ადგილი, რომელიც გაჩნდა ბევრი ადამიანის ცნობიერებაში ისევ და ისევ Couchsurfing-ის და ამბასადორის ჩემი პროფილის წყალობით, უამრავი სტუმრის რეკომენდაციით, ხელიდან არ გაეშვათ შესაძლებლობა ჩემთან შეხვედრის. ვფიქრობ, ბევრი სახელმწიფო სტრუქტურა ვერ დაიკვეხნის იმ რაოდენობის უცხოელი სტუმრის ვიზიტით, რა რაოდენობაც იყო საჯარო ბიბლიოთეკაში ბოლო 5 წლის განმავლობაში. ქვეყანაში მოჭარბებული სიღარიბე, იგრძნობა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ყველა კომპონენტში. შენობის მდგომარეობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ფონდები, რესურსები, ქალაქის დამოკიდებულება ამ შენობაში საკადრო პოლიტიკასთან, ადამიანური ურთიერთობები…

რა შევცვალე ამ სიღარიბეში? სტატისტიკურად, მე ერთი თანამშრომელი, 5 წლის განმავლობაში, როგორც გოეთეს ინსტიტუტის გერმანული საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ვიყავი მთლიანი კოლექტივის ნახევარი პროცენტი და შენობაში შემოსული მკითხველების 10-15%, მოდიოდა გერმანული საინფორმაციო ცენტრის გამო. ბიბლიოთეკის მაშინდელმა მენეჯმენტმა ვერ შეინარჩუნა გერმანელებთან თანამშრომლობა და ისინი უბრალოდ წავიდნენ. შესაბამისად, დაიკარგა ის ნაკადი, რომელიც ბიბლიოთეკას ჰქონდა გერმანული საინფორმაციო ცენტრის დამსახურებით. ბოლო 5 წელი Couchsurfing-ის  და ჩემი პირადი რეპუტაციის დამსახურებით, ბიბლიოთეკაში გაჩნდა ახალი ნაკადი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ ბლოგერები, მუსიკოსები, მხატვრები, ფინანსისტები, კრიპტოფრიკები Crypto-freak), მსოფლიოს პრესტიჟული უნივერსიტეტების ლექტორ-მასწავლებლები. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საინტერესო Background-ებით. ბევრი არაორდინალური, საინტერესო ღონისძიება, თუ შეხვედრა, საინფორმაციო სააგენტოებითაც გაშუქდა. ეს იყო სახალისო თვითონ თანამშრომლებისთვისაც. როცა ადამიანი ვერ ახერხებს მოგზაურობას და სამაგიეროდ, თითქმის მთელი მსოფლიო მოდის მასთან სტუმრად. საკმაოდ ღარიბულ ბიბლიოთეკაში მოდიოდნენ გულწრფელად და უხაროდათ ასევე გულწრფელი, გულანთებული, საქმეზე შეყვარებული ბიბლიოთეკარების შეხვედრა.

–ახლა რა გეგმები აქვს Couchsurfing-ის ამბასადორს ბიბლიოთეკაში და თქვენი გათავისუფლების შესახებ რომ ვისაუბროთ, რა გახდა წასვლის მიზეზი?


–საქართველოში გვაქვს არაჩვეულებრივი ტრადიციები. სტუმარ-მასპინძლობის, ღვინის დალევის, თამადობის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეგვემატა ერთი უნიკალური მოვლენა, რომელიც გაგდების ტრადიციად შეიძლება იწოდოს. გააგდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი, მესამე პრეზიდენტი… აფექტური აზროვნების შედეგია, როცა ადამიანი ჯერ არის თითქმის 100%-ით კარგი და მოკლე დროში იგივე ადამიანს ახასიათებენ, როგორც თითქმის 100% ცუდის. როცა ქვეყნის პრეზიდენტებს ასე “დამსახურებულად” ემშვიდობებიან, რიგითი მოქალაქე უფრო “ღირსეული” დამშვიდობებისთვის არის განწირული. ბიბლიოთეკის წინა მენეჯმენტმა გერმანული საინფორმაციო ცენტრი დაკარგა. ახალი მენეჯმენტი, ძველის “ტყუპისცალი” აღმოჩნდა და მთელი ის ნაკადი, რომელიც ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში Couchsurfing-ის წყალობით გაჩნდა, უბრალოდ გადაკეტა. ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, გააგდო. ამ გადაწყვეტილებისთვის იდეალურ დროდ შეირჩა ის მონაკვეთი, როცა შვილის დაბადების მოლოდინში, შორეულ აღმოსავლეთში, აზიაში გავემგზავრე ყველა ფორმალობის დაცვით, რომელიც მოგვიანებით "არასაკმარისი" აღმოჩნდა.
არ ვიცი, სამართლებრივად როგორ შეიფუთა ყველაფერი. გულწრფელად გითხრათ, მქონდა მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან ასეთი შედეგი დადგებოდა და ვემზადებოდი კიდეც. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ახალი დირექტორი. ვიდრე ამ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, დაახლოებით 6 თვით ადრე, შემეხმიანა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის შუამდგომლობით და შეხვედრა მთხოვა. თითქოს იმ მოტივით, რომ საჯარო ბიბლიოთეკაში აპირებდა დირექტორად მოსვლას და სურვილი ჰქონდა განათლებული, საიმედო ადამიანის გაცნობა, რომელთანაც ბიბლიოთეკაში ითანამშრომლებდა, რომელიც მისი საყრდენი გახდებოდა. ეს შეხვედრა შედგა საკრებულოს დეპუტატის სამუშაო კაბინეტში და პირველი შეფასება, რაც ამ ასაკოვან ადამიანთან საუბრისას გონებაში გამიჩნდა, იყო - უკიდურესად არასაიმედო. რატომ? ძალიან მარტივად. მე ვიყავი აბსოლიტურად უცხო ადამიანი მისთვის და პირველი, რითაც დამამახსოვრა თავი ეს იყო საკუთარ თანაპარტიელებზე ქილიკი, თანაგუნდელების ლანძღვა ძალიან მძიმე ბრალდებებით და ძალიან დაუნდობლად. არ ვგეგმავ ჩვენი მაშინდელი საუბრის სრული ვერსია გავასაჯაროვო, მის ყველა სისულელეს ვერც დავითვლი, ეს იგივე იქნება ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ბზარების რაოდენობა რომ დავითვალოთ. მხოლოდ რამდენიმე “მარგალიტი”. ეს იყო ქალაქის მერიის ლანძღვა. თითქოს თანამდებობაზე დანიშნეს ევროპაში კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი, თუ ადამიანები. განსაკუთრებით აღნიშნა ფლორენციაში და ჩრდილოეთ გერმანიაში, ჰამბურგში ძარცვა-ყაჩაღობის ბრალდებით დაკავების ფაქტები.
მომეჩვენა, რომ საუბრობდა დაბოღმილი ადამიანი, რომელსაც არ მისცეს კარგი თანამდებობა და იყო გაბოროტებული. ბიბლიოთეკის წიგნად ფონდზე საუბრისას, კიდევ ერთი არაადეკვატური “მარგალიტი” წარმოთქვა, ბიბლიოთეკის ახლა უკვე მოქმედმა დირექტორმა. მან გაიხსენა საჯარო ბიბლიოთეკაში მომხდარი ქურდობის ფაქტი, როცა დაახლოებით მილიონი ლარის ღირებულების უნიკალური წიგნები დაიკარგა 2007 წელს. ( ამაზე ბევრი დაიწერა და მგონი გამოძიება არც ახლა არის შეწყვეტილი) და თქვა ასეთი საინტერესო ფრაზა, რომ ეს არ იყო ქურდობა, ეს იყო ორგანიზებული გატანა. მან ეს ფრაზა, ორჯერ გაიმეორა. ცხადია, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რომ ასაკის ადამიანი, მოხუცებულობაში არაადეკვატური, ინფანტილური ხდება საუბარში, ყოფა-ქცევაში. შეიძლება იხუმრა "ქართული ოცნებიდან" მის თანაგუნდელებზე, როცა თქვა, რომ ევროპაში ძარცვა-ყაჩაღობის მუხლით დაპატიმრების მიუხედავად ქუთაისის მერიაში ძალიან მაღალ თანამდებობაზე შეიძლება მოხდეს დანიშვნა. შეიძლება, 2007 წელს დაკარგული უნიკალური წიგნების ისტორიაზეც იხუმრა, მაგრამ… თუ არ უხუმრია და სიმართლე თქვა, მაშინ გამოდის, რომ მისი ადგილი პროკურატურაშია, როგორც ძალიან კვალიფიციური გამომძიებელი. არ ვიცი მიიწვევენ მას პროკურატურაში თუ არა, ჩემთვის ეს ირელევანტურია. ჩემს მეხსიერებაში ის დარჩა (დიდი ხნით არა) როგორც ტიპიური  Homo-Sovietikusi, ძველი “კამსამოლა” და ჯერ ისევ კომუნისტი. ადამიანი, რომელიც არ ზოგავს საკუთარ თანაგუნდელებს და რომელიც Couchsurfing-ის სტანდარტებით, სახლში არ არის შემოსაშვები. გულწრფელად გითხრათ, მეცოდება ქალაქის მერი. ვერაგი და მოღალატე ადამიანები ჰყავს ირგვლივ. პლიუს "პრუტუნა" და ფსევდო-ინტელექტუალები. ალბათ ამის შედეგი არის, ტერენტი გრანელი “ბალგარკით” რომ “გადაატაჩილეს”, ნიკო ნიკოლაძე გაანათეს და ბენქსის გაეჯიბრნენ იტალიაში, პორტრეტის ხატვაში. სიღარიბის, მათ შორის ტვინში სიღარიბის დაძლევა რჩება საქართველოს უმთავრეს გამოწვევად.

–10 წელი მუშაობდით ბიბლიოთეკაში, მოგზაურობდით, უამრავ ადამიანს ხვდებით და შესაბამისად, ბევრი ინფორმაცია დაგიგროვდებოდათ, წიგნის დაწერას თუ ვფიქრობთ?

–საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში, უამრავი სახალისო ისტორია, ფოტო, აუდიო-ვიდეოფაილი დამიგროვდა, როგორც რიგით თანამშრომელს, როგორც Couchsurfing-ს, რომლებსაც, ალბათ ერთი წიგნი ვერ დაიტევს... არ ვთვლი, რომ ახლა წიგნის წერის დრო მაქვს. საქართველოდან წასვლის გამო ბევრი ახალი გამოწვევა გაჩნდება ჩემს ცხოვრებაში. ცხადია, ჩემი ონლაინ-რეპუტაცია და ის კონტაქტები, რომლებიც სწრაფადცვალებად სამყაროში მნიშვნელოვანია, თან წამყვება. გამიხარდება, თუ საქართველო გახდება ეკონომიკურად ძლიერი, ნაკლებად ღარიბი და მეტად განათლებული ქვეყანა. ADIOS ქუთაისი! მადლობა ბოლო 13 წლისთვის. როგორც რუმი იტყოდა: “სიკეთის და ბოროტების მიღმა, არის ადგილი. იქ შევხვდებით.”

 

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში არჩილ სხვედიანის სამსახურიდან გათავისუფლებასა და მის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთბენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი