|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აიგრუპის“ ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები უკვე საქართველოშია"

 COVID 19-ის პანდემიის  გამო კომპანია „აიგრუპის“ გეგმები ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაიხედა. საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია „ჩანგანისგან“ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა საქართველოში- ამის შესახებ დღეს ქუთაისში, ინდუსტრიული ჰოლდინგი „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ  კახა გულედანმა განაცხადა. ის აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა იგეგმება ის ჟურნალისტებს შეხვდა და მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„გარდა იმისა, რომ პანდემიის გამო დაგვიანდა საწარმოო ხაზის მოწოდება, ვერ დავიწყეთ ვერც მშენებლობა, რადგან ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესი საკითხია კადრების გადამზადება და მივლინებები. ქარხნის მშენებლობისთვის და ასევე, ტექნოლოგიური სიმძლავრეების გამართვისთვის ჩინეთიდან ქუთაისში უნდა ჩამოსულიყვნენ ინჟინრები, ასევე, მივლინებით ჩინეთში საჭირო გადამზადებისთვის უნდა გაგვეგზავნა ადგილობრივი კადრები. ეს მოქმედებები 2020 წლის იანვარ - თებერვალში გვქონდა დაგეგმილი თუმცა, დღევანდელ დღემდე შეჩერებულია მიმოსვლა. იმედს ვიტოვებ, არსებული ვითარება თანდათან დასტაბილურდება, რაც მოგვცემს საშუალებას განვაგრძოთ დაწყებული პროცესი. თუმცა, ამ გადასახედიდან უკვე ჩანს, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. ჩვენ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენის მხრივ არ დავიშურებთ რესურსებს და ენერგიას, იმისათვის რათა დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები“ - განაცხადა კახაბერ გულედანმა.

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

გეგმის მიხედვით, პირველი პროექტი ელექტრომობილების ქარხანაა, და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა. პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. 5 წელიწადში კი საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა.

 

ავტორი: ნიუპრესი