|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"9 აპრილმა გადაწყვიტა საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი"

9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ქუთაისში. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა, იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებმა და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქუთაისის მერმა და აღნიშნა, რომ ამ თარიღს უკავშირდება ქვეყნის დამოუკიდებლობა.

"9 აპრილი საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, როდესაც იყო საზოგადოების ძალიან დიდი კონსოლიდირება. მოხდა ისე, რომ ამის შემდგომ გადაწყდა საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვასწავლოთ პატარებს ამ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დღის მნიშვნელობა. ამისათვის ჩვენ  სხვადასხვა ღონისძიება განვახორციელეთ, მათ შორის მემორიალის გადმოტანა, ძეგლს მოვუძებნეთ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი", -განაცხადა შოთა მურღულიამ.

გმირების ღვაწლზე ისაუბრა იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ.

"ქვეყანამ 9 აპრილს მოიპოვა დამოუკიდებლობა და ეს დამოუკიდებლობა სისხლის ფასად დაგვიჯდა, მაგრამ საქართევლოს ისტორიას გმირთა სისხლი ყოველთვის თან დევს, ამიტომ ამ  გმირებს პატივი უნდა მივაგოთ", -განაცხადა იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 28, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან კი 26 წელი გავიდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი