|
  • EUR 1 = GEL 2.9344
  • USD 1 = GEL 2.4864
|

"არ გვინდა თავისუფლება- არ გვინდა ავტონომია?"

ნიუპრესი“ აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც ქუთაისში გამომავალ გაზეთებში ზუსტად 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაგაცნობთ.

"ჩვენისთანა უცნაური ხალხი მეორე არ მოიპოვება დედამიწის ზურგზედ. გასაკვირველია ჩვენი საქმე! რაღა ჩვენ უნდა შევადგენდეთ გამონაკლისს? რაღა ჩვენში დაიბადნენ უაღრესი კოსმოპოლიტები? რუსეთის დიდებულმა რევოლუციამ ბევრი საკითხი წამოაყენა, ბევრი დაფარული გულისძრახვა გამოააშკარავა. დაჩაგრეულ ერებს მიეცა ნება თავის ჭირ-ვარამზე ალაპარაკდნენ... თითქმის ყველა ერი თხოულობს თავის შელახული ღირსების აღდგენას, ავტონომიის მოპოვებას, მხოლოდ ქართველ ერში ჩამოვარდა განხეთქილება, მხოლოდ ერთს - ქართველ ერს არ უნდა თავის მიწა-წყალს თვითონვე მოუაროს - "არ გვინდა ავტონომია, მუშათა კლასს ზიანს მოუტანს, არც მომზადებული ვართ ამისათვის" ,-ასე გაიძახიან "სოციალ-დემოკრატები", - წერს  "სოციალ-ფედერალისტების" გაზეთი "ჩვენი მეგობარი" 1917 წლის მაისში. ეს იყო მთავარი დაპირისპირება მომავალ ბოლშევიკებსა და ეროვნულ ძალებს შორის.

გაზეთის ინფორმაციით, "სოციალ-დემოკრატები" მოსახლეობაში შიშს და ჭორებს სთესავდნენ.  "სიცხვილი მათ, ვინც ჭორებს სთესავს სოფლებში, ვინც შხამავს გლეხკაცის საღ გონებას და აშინებს, რომ ისევ ძველი ბატონობა მოგელისო", - წერს გაზეთი. 

"ვერცერთ ისტორიაში ვერ იპოვით იმდენ განდგომილ რენეგატს, მამულის მოღალატეს, როგორც ჩვენს ისტორიაში. ერთი გმირი მებრძოლი თუ იბრძოდა და აშენებდა საქართველოს, მეორე ძირს უთხრიდა და ანგრევდა მის ნაშრომს და ნაამაგარს. ასე იყო უწინ და ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, ასეა დღესაც", -წერს ქუთაისური გაზეთი  1921 წლის თებერვლის მოვლენებამდე რადენიმე წლით ადრე. 

ამავდრულად, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდა თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადება. ზუსტად 100 წლის წინაც  თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა ქუთაისში. "ახლო მომავალში ჩვენი ქალაქის თვითმმართველობის სრული განახლება უნდა მოხდეს", -წერს "ჩვენი მეგობარი".

 არჩევნების ჩატარებისათვის ხელი არ შეუშლია ქვეყნის  ეკონომიკურ მდგომარეობას, ამის გამო თვითმმართველობების არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუსვამს. 

პრესაში არსებული ცნობები ცხადყოფს მაშინდელ ვითარებას, სასურსათო პროდუქტები ბარათებით რიგდებოდა, პურისა თუ შაქრის ქალაქიდან გატანა კი კანონით ისჯებოდა.

  

პრესაში არსებული ცნობებით, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ამ განკარგულების დამრღვევები წესრიგის დამცველების ხელში აღმოჩნდებოდნენ. პურის რიგში მყოფი ადამიანები კი ხშირად მძარცველების მსხვერპლი ხდებოდნენ. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე