"არა ონის კასკადს" - ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ხალხმრავალი აქცია გაიმართა
დაანონსებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ ონში აქცია გაიმართა. "არა ონის კასკადს"-ამ მოწოდებით ადგილობრივები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით მერიისკენ გაემართნენ.
ისინი ონში ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ რისკები სათანადოდ არაა გათვლილი, ამიტომ მთელს რეგიონს საფრთხე უმუქრება.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში, რაჭა რაჭველების გარეშე დარჩება. მათი თქმით, ისინი აპოლიტიკურები არიან, მაგრამ თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, არ გამორიცხავენ, თავად ჩამოაყალიბონ პარტია და იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის.
"არ დავუშვებთ ონის ჰესების კასკადის მშენებლობას, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს. ჰესი თუ აშენედება რაჭა დაიცლება, საფრთხე შეექმნება ადგილობრივ მეწარმეებს და ტურისტულ სექტორს. ამიტომ მივმართავთ მთავრობას, გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი გაგრძელდება", - აცხადებენ ადგილობრივები.
აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის გამოჩენას ადგილობროვების უკმაყოფილება მოყვა. მათი თქმით, არ სურთ აქციის პოლიტიზება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი