|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაუმართავი ვებგვერდები და არასაკმარისი გამჭვირვალობა იმერეთის მუნიციპალიტეტებში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციამ კვლევის პრეზენტაცია გამართა. მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიში იმერეთის მუნიციპალიტეტების ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხება.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ვებგვერდების მთავარ გამოწვევად არასრული ინფორმაცია და არასაკმარისი გამჭვირვალობა სახელდება.

„კვლევით ირკვევა, რომ ინფორმაცია მთელ რიგ შემთხევევებში არასრული და არასაკმარისია. მუნიციპალიტეტების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სრულად არ ასახავს მათ საქმიანობას.  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს თვითმმართველობებს, პერიოდულად გამოაქვეყნონ მთელი რიგი საკითხები. მუნიციპალიტეტებმა მიიღეს დადგენილებები საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის შესახებ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტებმა ეს წესი პრაქტიკაში არ განახორციელეს “-განაცხადა ორგანიზაციის კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ.

ორგანიზაციამ კვლევა გასულ წელსაც ჩაატარა და 2017 წლის კვლევა 2016 წლის იანვრის კვლევის პარალელურად მოხდა. როგორც ორგანიზაციის იურისტი თეონა გორდაძე განმარტავს, მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

„ინფორმაციის  განთავსების სიმცირის მხრივ გამოირჩევა ხონის, თერჯოლისა და  წყალტუბოს მუნიციპალიტეტები. აღსანიშნავია, რომ წყალტუბის მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებდა ვებგვერდი, ახლა ფუნქციონირებს, მაგრამ ნაკლებად ხდება ინფორმაციის განთავსება.  ასევე ინფორმაციის განთავსება არ ხდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. ზოგადად, გაუმჯობესებული მდგომარეობა არ შეიმჩნევა არცერთ მუნიციპალიტეტში“, -განაცხადა თეონა გორდაძემ.

ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებს რეკომენდაციებით მიმართავს. მოუწოდებენ  მათ დადგენილებები და ყველა ინფორმაცია აქტიურად გამოქვეყნდეს ვებგვერდზე, ხარვეზები აღმოფხვრან, მოაწესრიგონ ცხელი ხაზი, უზრუნველყონ ინფორმაციის განახლება და ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის.

კვლევა ქუთაისის გარდა იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი