|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არეულობა ბათუმში [VIDEO]

ამ დროისათვის  ბათუმის ქუჩებში სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს.

მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში  მოვლენები ქაოსურად ვითარდებოდა. აჭარის პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციის შენობის ეზოში ბენზინით სავსე ბოთლებს ისროდნენ. დაწვეს პოლიციის მანქანები, დააზიანეს ინფრასტრუქტურა - რკინის ჯებირები, შუქნიშნები, საგზაო ნიშნები. დემონსტრანტების საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

 ამას წინ უძღვოდა დემონსტანტების მოთხოვნა 6 დაკავებულის გათავისუფლების შესახებ, თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა ვერც დაკავებულების გათავისუფლებამ განმუხტა. 

პოლიციამ დემონსტანტების დაკავება დილის 6 საათისათვის დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 40-მდე ადამიანი. 

 დაპირისპირება ბათუმში დღის მეორე ნახევარში  დაიწყო,  მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა პარკირების წესების დარღვევის გამო მამა-შვილი ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დაუმორჩილებლობის მოტივით, დააკავეს. ამ ფაქტს თვითმხილველების უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. შედეგად, პოლიციამ 6 პირი დააკავა.

დემონსტრანტები დაკავებულების გათავისუფლების გარდა საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის თანამდებობიდან გადაყენებასაც მოითხოვდნენ.

ბათუმში ჩავიდა შსს მინისტრი. გიორგი მღბრიშვილის განცხადებით, პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა და ქალაქი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტს.  რაც შეეხება საპატრულო პოლიციის უფროსის გადაყენებას, ამის შესახებ მინისრტრს გადაწყვეტილება არ მიუღია.

დილის 5 საათზე განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც მოქალაქეებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა.

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რომ სიტუაცია "დესტრუქციული პოლიტიკური  ძალების" მიერ იყო მართული, ამის შესახებ  პრემიერმა განაცხადა. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბათუმის საავადმყოფოებში 33 ადამიანია შეყვანილი, რომელთაგან 15 პოლიციელია. დაშავებულებს შორისაა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი. მას ქვა მოხვდა. დაშავებულები ძირითადად, ცრემლსადენი გაზით მოწამლვის შეგრძნებას უჩივიან. 

 

(ფოტო-ნეტგაზეთის)

 

 (ვიდეო მოგვაწოდა კონსტანტინე სტალინსკიმ)

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა