|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არგოს" მოგზაურობა გართულდა – შესაძლოა, გემი ვანამდე ტრანსპორტით წაიღონ

"არგონავტების" მოგზაურობა ფოთიდან ვანამდე გართულდა. როგორც იდეის ავტორმა პროფესორმა ომარ ნიშნიანიძემ "ნიუპრესთან" განაცხადა, ეკიპაჟის წევრებს გემის მართვა მდინარის გაუწმენდავი კალაპოტოს გამო გაუჭირდათ.

"გუშინ დაახლოებით ხუთი საათი ვიცურეთ, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა, ამიტომ შევისვენეთ. ბავშვებს რას ვერჩი, ცოდვები არიან. მოგზაურობა გაართულა მდინარის კალაპოტის გაუწმენდაობამ, ჩასილულია ნაპირები და ართულებს გემის გაცურვას. ორი კატერი გვეხმარებოდა. აბაშაში ვართ გაჩერებული"-განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, გემი გარკვეული მონაკვეთი ტრანსპორტით წაიყვანონ.

"შესაძლოა, გარკვეული მონაკვეთი ტრანსპორტით წავიღოთ, რადგან რთულია და ბავშვები მეცოდებიან. ეს ხომ არ იყო ექსპედიცია, პერფორმანსი იყო, რომელიც გამოვიდა და თავისი მისია შეასრულა. ვანში ჩავუშვებთ ისევ მდინარეში და გარკვეულ მონაკვეთს გავცურავთ, რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებებს, გაიმართება ვანში და არ ჩავშლით. ჩვენ ისტორია გავაცოცხლეთ და პოპულარიცაზია გავუწიეთ"-განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

მისი თქმით, მიდის მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომ გაიწმინდოს მდინარის კალაპოტი და აღნიშნულ მონაკვეთზე ტურისტული მარშრუტები განხორციელდება.

"არგომ" მოგზაურობა გუშინ დაიწყო და 2 ივნისს ვანში დასრულდება. მშენებლობა დაახლოებით 20 000 ლარი დაჯდა. ხარჯების ნაწილი თავად იდეის ავტორმა, ნაწილი ვანელმა ბიზნესმენებმა გაიღეს.

ავტორი: ნიუპრესი