|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ასათიანის ქუჩაზე 140 ხეს ფესვები დაჭრილი აქვს" [VIDEO]

"ასათიანის ქუჩაზე 140 ხეს ფესვები დაჭრილი აქვს", - ამის შესახებ პარტიის "თავისუფალი საქართველო" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ განაცხადა.  გოგი წულაია ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აკრიტიკებს. მისი თქმით, სამუშაოები არასწორად დაიგეგმა. თავდაპირველად არ გაითვალისწინეს ღვარსადენი და მოხდა გზის გაფართოება. შემდეგ კი ღვარსადენი კი გაკეთდა ტროტუარის ხარჯზე. ამან კი მრავალწლოვანი ხეების ფესვების დაზიანება გამოიწვია. წულაიას განცხადებით, ასეთ მდგომარეობაშია 140 ხე, რომლებსაც  წაქცევის საფრთხე ემუქრება, ეს კი თავის მხრივ, მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველია.

„აქ მაქვს წერილი გამზადებული, რომლითაც მივმართავ გარემოს დაცვის სამინისტროს, ჩამოვიდნენ სპეციალისტები და შეისწავლონ ხეების მდგომარეობა. მე არაფერს ვამტკიცებ, თუმცა ვფიქრობ, რომ საშიშროება, რომ ეს ხეები წაიქცეს და გამოიწვიოს მსხვერპლი, არსებობს. თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ უნდა მოჭრან ეს ხეები. ხოლო ვინც ეს სამუშაოები ასე დაგეგმა, პასუხისმგებლობა  უნდა დაეკისროს“, -აცხადებს გოგი წულაია.

 

ასათიანის ქუჩაზე  ღვარსადენის რეაბილიტაციას ააიპ „სპეციალური სერვისები“ აწარმოებს. მისი წარმომადგენლის განცხადებით,  ღვარსადენში და მის ქვემოთ არ შეიძლება გადიოდეს კომუნიკაციები, აქედან გამომდინარე, მოხდა  ღვარსადენისა და წყლის მილების დაცილება. 

"ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ არ დაგვეზიანებია ხეების ფესვები, თუმცა რამდენიმე ადგილზე მოგვიწია ფესვების ჩაჭრა, მაგრამ ეს აბსოლუტურადვ არ მიაყენებს ზიანს ფესვებს", -განაცხადა "სპეციალური სერვისების" დირექტორის მოადგილემ არჩილ ჭავჭანიძემ.

 

შეგახსენებთ, ასათიანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების შესახებ ქუთაისის მერიამ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა, რაშიც ქვეკონტრაქტორი ფირმა დაადანაშაულა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა