|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბაგრატიდან ტაომდე"-ექსპედიცია ქუთაისელი ახალგაზრდების მონაწილეობით

23-25 ივნისს ქუთაისის მერიის ორგანიზებით შედგა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ექსპედიცია საქართველოს ისტორიულ მხარეში ტაო-კლარჯეთში, სახელწოდებით "ბაგრატიდან ტაომდე".

პროექტის განხორციელება დაიწყო 2015 წელს ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ძველი ნაქალაქარი ტერიტორიის დასუფთავებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

ექსპედიციაში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე და ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან კუპრაშვილი, მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი და ოცდამეათე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე.

ექსპედიციის მონაწილეებს შეუერთდა ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რომელიც თავიდანვე ამ პროექტის უშუალო მხარდამჭერი გახლდათ.

 ქალაქის მერმა ახალგაზრდებთან ერთად დაათვალიერა რამდენიმე ისტორიული კომპლექსი და სამომავლოდ მზადყოფნა გამოთქვა მსგავსი სამეცნიერო ღირებულების მქონე პროექტების მხარდაჭერისთვის.

სამწლიანი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება შემოდგომაზე, როდესაც ახალგაზრდები რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაზე, წარმოადგენენ ნაშრომებს ბაგრატისა და ტაო-კლარჯეთში მონახულებული ეკლესია-მონასტრების შესახებ.

ავტორი: ნიუპრესი