"ბაღდათის ბაღებიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გაშვება იგეგმება"
ბაღდათში ბაგა-ბაღების თანამშრომლებისათვის დაგეგმილ ატესტაციას თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების მოტივით ხსნის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან" შალვა დათუაძე.
როგორც მან დღეს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ატესტაციის მიზანია, სამსახურიდან გაათავისუფლონ მათთვის პოლიტიკური ნიშნით არასაიმედო ადამიანები, ხოლო მათ ნაცვლათ თავიანთი პარტიული აქტივი დაასაქმონ. ამასთან დათუაძე უსამართობად მიიჩნევს ბაღის პედაგოგების ზაფხულის საშვებულებო ხელფასის გარეშე დატოვებას.
"ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ივლისში შეუწყდათ ხელშეკრულებები. ახალი ხელშეკრულებები კი ახალი სასწავლო წლიდან გაუფორმდებათ. შედეგად ეს ადამიანები ორი თვის ხელფასს კარგავენ და ზაფხულს საშვებულებო ხელფასების გარეშე გატარება მოუწევთ. ამით "ქართული ოცნება" ერთის მხრივ, ცდილობს თავიდან მოიშოროს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები და მეორე მხრივ, ამ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე, რომელთა მაქსიმალური ხელფასი 160 ლარია, თანხა დაზოგოს. ეს ადამიანები პროტესტს გამოთქვამენ და სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვენ", - განაცხადა შალვა დათუაძემ.
ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე გამორიცხავს თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლებლობას.
"პოლიტიკური ნიშნით რომ არ მოხდეს თანამშრომლების შერჩევა, ამიტომაც იმართება ატესტაცია და არა გასაუბრება. ატესტაცია უნდა ჩატარდეს, რათა ამაღლდეს ხარისხი მასწავლებლების, რომლებსაც ბავშვებთან უწევთ მუშაობა", -განაცხადა მშვილდაძემ. რაც შეეხება პედაგოგების 2 თვით უხელფასოდ დარჩენას, მისი თქმით, თუ ვინმეს ეს პროცესი უსამართლოდ მიაჩნია, შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ.
"ნიუპრესმა" ეს თემა რამდენჯერმე უკვე გააშუქა. პედაგოგები ღიად დაპირისპირებას და 2 თვის ხელფასის გამო სასამართლოსათვის მიმართვას ერიდებიან.
რაც შეეხება ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის პოზიციას, ის უცვლელია. როგორც გაერთიანების უფროსმა თამილა ფაიქიძემ განაცხადა, "ატესტაცია ჩატარდება, ხოლო თანამშრომლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ამ პროცესს და მათი შედეგები მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ახალი სასწავლო წლის სექტემბრიდან მუშაობას ახალი ხელშეკრულებებით გააგრძელებენ", -განაცხადა ფაიქიძემ.
პედაგოგების 2 თვით უხელფასდოდ დარჩენის შესახებ ფაიქიძე არაფერს ამბობს. ეს პროცესი მუნციპალიტეტის 16 ბაგა-ბაღის თანამშრომლებს შეეხება.
ბაღდათში ბაგა-ბაღების თანამშრომლები გაიფიცნენ
ზაფხული ხელფასის გარეშე? - ბაღდათის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ატესტაცია იგეგმება
ავტორი: ირინა მაკარიძე