|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ ყველა არჩევნების რეკორდი მოხსნა"

ოფიციალური ინფორმაციით,  ცესკო-მ არჩევნების პირველ ტურში ჯამში 137 000 ბიულეტენი ბათილად ცნო.  კერძოდ, გაუქმდა 75 000-მდე მაჟორიტარული და 63 000-მდე პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი. ჯამში გაუქმებული ბიულეტენების რაოდენობამ, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის თითქმის 4,5 პროცენტი შეადგინა. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების გაყალბების სქემებზე საუბრობენ.

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შემსრულებელი თამარ კეკენაძე ამბობს, რომ მათ დამკვირვებლებს, როგორც ისინი ამბობდნენ, ბეჭდის და ხელმოწერის დასმა ბიულეტენზე ავიწყდებოდათ, თუმცა კეკენაძე არ გამორიცხავს, რომ ეს შეგნებულად და მმართველ გუნდთან შეთანხმებით მომხდარიყო. ეს გახდა მიზეზი იმისა რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" საარჩევნო უბნებიდან თავისი დამკვირვებლები გამოიწვია და არჩევნების მეორე ტურში ისინი აღარ იმუშავებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ვარშალომიძე კი აცხადებს, რომ ხშირად ბიულეტენების გაბათილების მიზეზი ერთი ან რამდენიმე არჩევანი ხდებოდა. ვარშალომიძე ამბობს, რომ კომისიის წევრები მოქალაქის მიერ შემოხაზულ პარტიასთან ერთად თავად ხაზავდნენ დამატებით ერთ პარტიას, რის გამოც ბიულეტენი ავტომატურად ბათილდებოდა.

საარჩევნო ხმების მოპარვაზე საუბრობს პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ სწორედ ის უბნები გააუქმა, სადაც "პატრიოტთა ალიანსს" ხმები მცირე რაოდენობით ჰქონდა მიღებული და თუ კონკრეტული უბნების გაუქმება, მაგალითად მარნეულის, არ მოხდებოდა, პარტია საარჩევნო ზღვარს ვერ გადალახავდა.

ბათილი ბიულეტენების რეკორდულ რაოდენობაზე საუბრობენ ქუთაისშიც.  ქუთაისში, სამივე ოლქში მათი რაოდენობა 5 ათასამდეა. ბიულეტენების დარღვებებით გაბათილების შესახებ მიუთითებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები,  როგორ ადგილობრივი, ისე  საერთაშორისო დამკვირვებლები. ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის  კანდიდატის, გიგი წერეთელის პარალელურად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილიც აცხადებდა, რომ მისი ბიულეტენები გაბათილდა.  მიუხედავად მოთხოვნისა, ბათილი ბიულეტენების გახსნა და მათი ხელმეორედ გადათვლა არ მოხდა. #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელის, გიორგი უკლებას განცხადებით, "სიტყვიერი თანხმობა ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლისაგან. ამ კონსესუსის გათვალისწინებით, წესით, ოლქს უნდა მოეხდინა ბიულეტენების გადათვლა. ზუსტად ეს ქმნის გარკვეულ ეჭვებს, რომ კობა ნარჩემაშვილმა იცრუა და მისი განცხადება იყო მხოლოდ პიარისათვის გათვლილი განცხადება“, -განაცხადა უკლებამ. მისი თქმით, ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ ქუთაისში ყველა რეკორდი მოხსნა.

წინა წლების მსგავსად, სადაოა საარჩევნო სიაც.

ნიკა რურუა მმართველ გუნდს სიების გაყალბებაში ადანაშაულებს. "ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი უკანონო სიებზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ გარდაცვლილები და უცხოეთში მცხოვრები ადამინების მიწერა უკანონოდ მოხდა.

რურუა აღნიშნულ საკითხზე სარჩელის შეტანას გეგმავს. „ბოლო პერიოდში მთაწმინდაზე დამატებულია 8 ათასამდე ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს არც ერთ მისამართზე. ესენი არიან მხოლოდ ის ხალხი, ვინც 2016 წელს დაამატეს სიაში. ადამიანები, რომლებიც წლებია, წასულები არიან საზღვარგარეთ. გარდაცვლილები, ვინც 2 წელია, გარდაცვლილები არიან, დაამატეს სიაში და ასევე სრულიად დაუდგენელი პირები, რომლებიც ჩაამატეს სიაში 2016 წელს. ეს სია, რომელიც ბოლო ხანებში დაემატა საარჩევნო სიაში, ბევრი მათგანის იდენტობა შესაძლოა, გამოყენებულ იქნა ჩემი ოპონენტის სასარგებლოდ. ეს ცხადია არის გაყალბება და მეორე ტურში ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

ცესკო-ს მონაცემებით, ქვეყანაში 3 513 884 ამომრჩეველია, როცა "საქსტატის" მონაცემებით ქვეყანაში სულ 3 713 804 ცხოვრობს. ამ მონაცემების შედარებით ირკვევა, რომ ქვეყანაში 18 წლამდე ასაკის მხოლოდ 199 920 მოქალაქე ცხოვრობს. საქსტატის მონაცემებში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ჯამში 0-დან 18-წლამდე ასაკის 841 000 ადამიანი ცხოვრობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა