|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"ბიჭების გაოცებული სახეები ჩვენთვის შოკი იყო" - მორაგბე ანა ლეჟავა ქუთაისიდან

ანა ლეჟავა - ქუთაისელი მორაგბე გოგონაა, სპორტის ეს სახეობა მეგობრებთან ერთად აირჩია, გუნდიც შექმნეს, მწვრთნელიც  მოძებნეს და ჩემპიონებიც გახდნენ.  საკუთარ ქალაქზე შეყვარებულ, მომღერალ, მატემატიკოსს და მრავალმხრივი ნიჭის ადამიანს  "ნიუპრესი "ესაუბრა.

- დავამთავრე პირველი საჯარო სკოლა,  ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, ამიტომ ჩავაბარე წერეთლის უნივერსიტეტში, ავირჩიე მათმატიკის ფაკულტეტი და ამით გავყევი დედის პროფესიას, ბავშვობიდან მიყვარდა მათემატიკა. რაც შეეხება რაგბის თამაშს, უფრო ადრე  კალათბურთს ვთამაშობდი.  ზოგადად, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, მაგრამ  ბავშვებთან კომუნიკაცია მიჭირდა, ამ მხრივ  სპორტი ძალიან დამეხმარა.  4 წელი  კალათბურთის  თამაშის შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ,  რაგბი გვეთამაშა. ვთქვით, ბიჭები თუ თამაშობენ, ჩვენ რატომ არ შეიძლება ვითამაშოთ, თან ადრე ქუთაისში გოგოების ძალიან კარგი გუნდი იყო, მერე ეს გუნდი დროთა განმავლობაში დაიშალა, გვქონდა სურვილი, რომ მათი საქმიანობა და წარმატებები გაგვეგრძელებინა.

-რამდენი თანამოაზრე იყავით?

- იდეა ჩემს მეგობარს მარიამ ხუბულავას გაუჩნდა, სამი გოგო ვიყავით, რომლებიც კალათბურთიდან ვმეგობრობდით. გადავწყვიტეთ მოგვეძებნა მწვრთნელი, თუმცა გაგვიჭირდა, რადგან  ქალაქის მასშტაბით ქალი მწვრთნელი არ არის.  ჩვენთან მუშაობის სურვილი გამოთქვა ბატონმა ტიხონ ხახალეიშვილიმა, ჩვენ მას "ტუხას" ვეძახით. სხვათაშორის, მას ყავს ერთადერთი ქალიშვილი, მაგრამ როდესაც ეკითხებიან, რამდენი შვილი გყავს, ის პასუხობს, 12 გოგო მყავსო. 

-სხვა გოგონები როგორ შეკრიბეთ?

- სამნი უკვე ვიყავით, შემდეგ ორი გოგო ჩვენ მოვძებნეთ, მძლეოსნები იყვნენ ისინი.  რამდენიმე კიდევ მოვიდა თავის სურვილით და საბოოლოდ შედგა გუნდი.  ეს ხდებოდა 2 წლის წინ, იმ დროისათვის მე და მარიამ ხუბულავა, რომლის იდეაც იყო,  აბიტურიენტები ვიყავით. ამ დროს ყველა წიგნებშია ჩაფლული, ყველა მეცადინეობს, მაგრამ მე არ შევუშინდი ამ გამოწვევას და საუკეთესო შედეგიც დავდე. ჩვენი მესამე მეგობარი, რომელიც შემდეგ გუნდის კაპიტანი გახდა, უკვე სტუდენტი იყო, ამასთან, ძალიან წარმატებული. გუნდი რომ შევიკრიბეთ, არაცერთს იმ დრომდე რაგბის ბურთი ხელში დანაჭერიც კი არ გვქონდა. მრგვალი ბურთი გავცვალეთ ოვალურში, რაც ცოტა გაგვიჭირდა...

ვარჯიში დავიწყეთ "აია არენაზე", სადაც ძალიან მაღალი დონის ბაზაა, მოედნები, აუზი, ტრენაჟორი, ყველანაირი ხელშეწყობა გვაქვს გოგონებს. თავიდან ბიჭების გაოცებული სახეები ჩვენთვის შოკი იყო, არავის  ეგონა, თუ გოგოები დავიწყებდით ვარჯიშს. ერთი-ორს ისეთი გაოცებული სახე ქონდა, დღესაც თვალებიდან არ ამომდის. შემდეგ შეეჩვივნენ, რომ გოგოებსაც შეგვიძლია რაგბის თამაში და თვითონაც გვეხმარებოდნენ. ისე მოხდა, რომ იმ წელს ჩატარდა ქვიშის რაგბის ჩემპიონატი ბათუმში და ჩვენ მოვიგეთ ეს ჩემპიონატი. ეროვნული ნაკრები გვყავს ჩვენ "შვიდქალა" და იმასაც კი მოვუგეთ.  

 

ფოტოზე: რაგბის გუნდი "აია" გამარჯვებულია 

ამ დროისათვის საქართველოში გოგონათა რაგბის ათამდე გუნდია, მაგრამ გუნდებში ძალიან ცოტა გოგოა.  როდესაც ვატარებთ ფესტივალს,  ორი ქალაქის გუნდს ვაერთიანებთ, რომ საკმარისი რაოდენობა იყოს.  ჩვენს გუნდს ეს არ ჭირდება, რადგან ქუთაისის გუნდში 20-მდე ვართ, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი გვყავს - 8-დან 22 წლამდე. 

-ქუთაისის გუნდს - "აიას" ახლა რა ეტაპი აქვს?

-ახლა ვემზადებით ისევ ქვიშის ჩემპიონატისათვის, რომელიც ზაფხულობით ტარდება.  საქართველოს გუნდების გარდა მასში მონაწილეობას იღებს ინგლისის და რუსეთის გუნდები. წელს არ ვიცი, ფრენების შეწყვეტის გამო რუსები თუ ჩამოვლენ,  იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ შეუშლით ხელს, სპორტი და პოლიტიკა, ასევე ხელოვნება,  ჩემი აზრით, ერთმანეთისგან შორს არის. 

-ნაკრებში თუ არიან თქვენი მოთამაშეები?

-საქართველოს ნაკრებში ჩვენი გუნდიდან სამი გოგო თამაშობს. ახლა ისინიც ემზადებიან ქვიშის რაგბის ტურნირში მონაწილეობისათვის, რომელიც რუსეთში ტარდება. 

 

-ეს სპორტი ძალისმიერ ქმედებებთან არის დაკავშირებული, ტერმინებიც ისეთია, "შერკინება",  "შებოჭვა".. არ არის რთული გოგოებისათვის?

-კი ძალიან რთულია, თავიდან  მეც ძალიან გამიჭირდა, კალათბურთი არ არის ისეთი ძალისმიერი სპორტი,  როგორიც რაგბი, მაგრამ მწვრთნელის და გუნდელების დახმარებით, ეს ყველაფერი გადავლახე. რა თქმა უნდა,  ჩემს ყოფილ გუნდელებსაც, ნინოს და მარიამსაც გაუჭირდათ,  მაგრამ იმდენად დიდ მუხტს გვაძლევდა ჩვენი მწვრთნელი, რომ ეს დავძლიეთ.  მისი გოგონაც,   ასაკით პატარაა და ერთი წლის წინ შემოგვიერთდა, ჩვენთან ერთად ვარჯიშობს ახლა.  გუნდელებს ერთმანეთთან ისეთი კარგი დამოკიდებულება ვაქვს, რომ მართლაც სასიამოვნოა ჩვენს გუნდში მოსვლა.  ვინც კი მოდიოდა, ისეთ გარემოს ვუქმნიდით, რომ ჩვენთან დარჩენილიყვნენ. ძალიან ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, რომ გოგონებს უნდოდათ რაგბის თამაში, მაგრამ მშობლები იყვნენ წინააღმდეგები.   ფეისბუკ გვერდი გვაქვს, სადაც გოგოები გვწერენ ამის შესახებ. მე, პირადად, მსგავსი დისკომფორტი არ მქონია, რადგან ჩემი მშობლები თვლიან,  რომ ყველა სპორტი დაკავშირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესთან. მე, სადაც მეძლევა შესაძლებლობა,  ყველგან ვამბობ, რომ არ შეუშინდნენ ამ სპორტში მოსვლას, რადგან წინ ძალიან ბევრი სიურპრიზი და წარმატება ელოდებათ. ზოგადად, ჩემი აზრით, არ არსებობს, ქალის და მამაკაცის სპორტი, ქალს ყველა სპორტში  შეუძლია ასპარეზობა, რაც შეეხება ფიზიოლოგიურ განსხვავებას, ამისათვის არსებობს ცალ-ცალკე ქალისა და მამაკაცის ჩემპიონატები. 

რაგბის კავშირი დიდ ხელშეწყობას გვიწევს, უფასოდ გვასწავლიან მსაჯობას, კომისრობას, რომ რაც შეიძლება ბევრი გოგო დარჩეს სპოტული კარიერის დასრულების შემდეგ ამ სპორტში. 

 -გარდა სპორტისა, როგორ ვიცი სხვა ინტერესები გაქვს, 

-უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვსწავლობ, რასაც  დიდ დროს ვუთმობ, ვმღეტი უნივერსიტეტის ფოლკლორულ ანსამბლში "ადილა", ძალიან ცნობილი ანსამბლია, რომელსაც მაიზერ გაზდელიანი ხელმძღვანელობა.  ასევე ვმუშაობთ "საწნახელში", სადაც ტურისტებისათვის ვმართავთ კონცერტებს, ვაცნობთ ქართულ სიმღერებს. ამის გარდა, მოსწავლეებს ვამეცადინებ მათმატიკაში, და ახლა ქართულ-გერმანული ცენტრის დახმარებით მივემგზავრები გერმანიაში, სადაც 3 თვე ვიმუშავებ სტუდენტურ სამუშაოზე. ძალიან მსიამოვნებს,  რომ  ბევრ რამეს ვაკეთებ, მეკითხებიან,  ხომ არ ვიღლები, მაგრამ - არა. მინდა ძალიან ბევრი რამე გაკეთდეს ჩემს ქალაქში,  ძირითადად, ეს მოტივაცია მაქვს, მინდა, რომ ჩემი ქალაქი იყოს წარმატებული, უფრო ცნობადი.

-მაინც რას ფიქრობ, რაშია ამ ქალაქის პოტენციალი?

-ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ქალაქს, ყველა მიმართულებით,  აღარ მოვყვები რამხელა ისტორია აქვს ქუთაისს და რა მისცა მან კულტურას,  ხელოვნებას, მეცნიერებას, სპორტს..  ჩემი აზრით, უნდა იყოს შესაძლებლობა რომ ქალაქი ინარჩუნებდეს ამ ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს მაინც, დედაქალაქში წარმატებული ადამიანების უმრავლესობას შეადგენენ ქუთაისიდან წასულები, რაზეც ძალიან მწყდება გული, რომ ქალაქი ვერ იყენებს მათ პოტენციალს.  ჩემი აზრით, მათ აქ უნდა მიიღონ შესაბამისი დაფასება, რომ არ დატოვონ ჩვენი ქალაქი.

 ფოტოზე: ანსამბლი "ადილა"

ავტორი: ირინა მაკარიძე