|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიძინას სათამაშოები" - ქუთაისში ნაძვის ხეზე "ქართული ოცნების" ლიდერების ფოტოების ჩამოკიდება ცადეს

მოძრაობა "გაბედეს" და "შეცვალეს" წევრებმა ქუთაისში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეზე "ქართული ოცნების" ლიდერების ფოტოების ჩამოკიდება ცადეს. "ბიძინას სათამაშოები"-ამგვარად აფასებენ მოძრაობის წევრები მინისტრებს და დეპუტატებს, რომელთა ფოტოების ნაძვის ხეზე დაკიდება შეეცადეს.

მათი თქმით, ესენი არიან მარიონეტები და საახალწლო ნაძვის ხეს "ბიძინა ივანიშვილის სათამაშოებიც" დაამშვენებს.

მათ მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებმა და სამართალდაცველებმა ფოტოების განთავსების უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა "ბიძინას სათამაშოები" ბუჩქებზე დატოვეს.

"ახალი წელი მოდის და გადავწყვიტეთ, ბიძინა ივანიშვილის სათამაშოებით მოვრთოთ ნაძვის ხე. მილიონები ჯდება ამ "მარიონეტების" შენახვა, ჩვენ მინიმალურ თანხად დავამზადეთ, მაგრამ არ მოგვცეს ნაძვის ხის მორთვის უფლება და სიმბოლურად ბუჩქებზე დავტოვეთ", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

სამართალდამცველების თქმით, ადმინიუსტრაციული კოდექსის 150-ე მუხლი იერ-სახის დამახინჯებას კრძალავს, ამიტომ მოძრაობის წევრებს ამის უფლებას ვერ მისცემენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი