|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დასრულდა

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტი გაიმართა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) ლიდერები თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

სამიტზე პარტნიორებმა დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და მიღწევები შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეთათვის პრაქტიკული და ხელშესახები შედეგების აუცილებლობაზე.

ევროკავშირი და მეზობლები ადასტურებენ საერთო მიზანს გააძლიერონ სტრატეგიული თანამშრომლობა და აღიარებენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა აძლიერებს როგორც ევროკავშირს, ისე აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ სამიტი აღიარებს ასოცირებული ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და მათ ევროპულ არჩევანს, დადებითად აფასებს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესს და მის როლს ასოცირებული ქვეყნების განვითარებაში და საკანონმდებლო დაახლოებაში. სამიტის დეკლარაცია ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის და ბაზრის შესაძლებლობების ათვისებისათვის სამომავლო ნაბიჯებს განსაზღვრავს.

სამიტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კარგი მმართველობისა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების და ხალხთა შორის კონტაქტების მნიშვნელობაზე.

სამიტი მხარს უჭერს ევროკავშირის პრინციპს - „მეტი მეტისთვის“, რომლის საფუძველზე იმ ქვეყნებს, რომლებიც მნიშნელოვან რეფორმებს ახორციელებს, შესაბამის მხარდაჭერას უცხადებს და ახალი ფინანასური დახმარების შესაძლებლობებს სთავაზობს.

სამიტის დეკლარაცია აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამასთან ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტების მოგვარება, ნდობის მშენებლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აუცილებელია ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაცია ხაზს უსვამს საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას ევროპასთან დაახლოებისთვის და ამ მიმართულებით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ასოცირებული ქვეყნების ახალი სამუშაო ჯგუფის დაარსებას მიესალმება.

სამიტის დეკლარაცია 2020 წლისათვის დასახულ 20 კონკრეტულ შედეგს ეხმიანება, რომელიც სახელმძღვანელოდ ერთობლივად დაისახეს ევროკავშირმა და მეზობელმა ქვეყნებმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (EaP) ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა) თანამშრომლობის საერთო ინიციატივაა, სამიტი პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის დიალოგის უმაღლესი პოლიტიკური ფორმატია.

აღმოსავლეთ პარტნიორობა სცდება მთავრობათაშორის ურთიერთობებს, ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, ბიზნესი და სხვა დაინტერესებული ჩართულნი არიან შესაბამის თემატურ ღონისძიებებში.​

 

 
 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა