|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბრძოლა ავტოფარეხების წინააღმდეგ თუ ქუთაისის მერიის ერთჯერადი პიარი?

მოედანი ავტოფარეხის ნაცვლად - ამ მოწოდებით, ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა. მერიის ცნობით, თვითმმართველობის შესაბამისმა სამსახურმა ავტოფარეხის დემონტაჟი მოსახლეობის მოთხოვნის შემდგომ მოახდინა. დემონტაჟის სამუშაოებს მერი თავად ესწრებოდა, გიორგი ჭიღვარია აცხადებდა, რომ ქალაქში,  რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული ზონა და მწვანე ზოლი უნდა იყოს, ამიტომ მოსახლეობას ადგილზე მოედნის მოწყობას დაპირდა.

მერმა ასევე განაცხადა, რომ მოსახლეობის მხრიდან ძველ ავტოფარეხებზე უარის თქმა და ადგილზე მოედნის აშენება კარგი ინიციატივაა.

ნიუპრესი“ დაინტერესდა, რამდენად ამბობს მოსახლეობა ავტოფარეხებზე უარს და როგორ აკონტროლებს მერია მშენებლობას?

ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქუთაისის მასშტაბით ავტოფარეხის და ე.წ. დამატებითი სათავსოს მშენებლობაზე შვიდი ნებართვა გაიცა. ჯამში, 204.1 კვ. მ ფართობი. შენობები ძირითადად მრავალბინიანი კორპუსების ეზოებში.

აღსანიშნავია, რომ მერიამ სრულად არ გაასაჯაროვა ინფორმაცია, ჩამონათვალში არ მოხვდა სულხან-საბას #43 ბინასთან მიმდინარე მშენებლობა, რომელიც მოსახლეობის დაპირისპირების მიზეზი გახდა. აღნიშნულ ბინაში მცხოვრებთა ნაწილი ეზოში მშენებლობას ეწინააღმდეგება და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. მერიაში ადასტურებენ, რომ ადგილზე ნებართვა გაცემულია, თუმცა რატომ არ მოხვდა, ის ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში, ვერ გვპასუხობენ. მერიის არქიტექტურის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩხიკვაძე განმარტავს:

„მონაცემებში უნდა ყოფილიყო, მოთხოვნასაც გააჩნია, წარმოიდგინეთ 2018 წელს ავტოფარეხზე რამდენი ნებართვაა გაცემული?“

მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ მოხვდა ზ. ჭავჭავაძის 16 ნომერში მდებარე კორპუსის ეზოებში მშენებარე ავტოფარეხები. ერთ მათგანს ეზოში რამდენიმე ძირი მრავალწლიანი ხეც შეეწირა. კორპუსის წინა ეზოში  დაწყებული მშენებლობა შეჩერდა და აგებული კონსტრუქციის დანგრევა მოხდა.

შესაბამისად, უცნობია, მერიის მიერ ხდება ინფორმაციის მიზანმიმართული დამალვა, თუ საკითხისადმი არასათანადო მოპყრობა.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, რა შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის ნებართვა, რომელიც, მეტწილად, რეკრეაციული ზონის ხარჯზე შენდება და გაიზარდა თუ არა კაპიტალური ავტოფარეხების მშენებლობა.

მერიის არქიტექტურის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩხიკვაძე განმარტავს, რომ მერია ნებართვას ამხანაგობის 100%-აინი თანხმობის წარმოდგენის შემდეგ გასცემს, მაგრამ ამასთან ხდება მონიტორინგი ხომ არ ხდება მშენებლობა სარეკრეაციო ადგილში.

„ამხანაგობამ 100 %-იანი თანხმობა უნდა წარმოადგინოს ნებართვის მისაღებად, ამის შემდგომ ხდება განხილვა, მიმდინარეობს შესწავლა , თუ სარეკრეაციო ზოლია, ჩვენ ნებართვას არ ვაძლევთ“, -განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ მშენებლობის აკრძალვა უნდა მოხდეს არა პირადი დამოკიდებულების, არამედ შესაბამის გეგმის მიხედვით. მისი თქმით, მიმდინარეობს გენგეგმაზე მუშაობა, რაც ქალაქს ამგვარი მშენებლობებისგან დაიცვას.

„საერთოდ არ ვართ მომხრე ასეთი მშენებლობის. ავტოფარეხის საჭიროება აღარ არის და არაა აუცილებელი გაკეთდეს კაპიტალური მშენებლობა.  ამასთან, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესებს ვიღებთ, რომლის მიხედვითაც, არ არის განსაზღვრული ავტოფარეხების და დამატებითი სათავსოების  განთავსება. ამის შემდეგ უფრო მოვაწესრიგებთ ამ თემასაც.  მიწათმოქმედების გენერალურ გეგმაზე სატენდერო პირობები გამოცხადდება და შეიქმნება გეგმა. პირად ხასიათზე, თუ ბერკეტი არ გვექნა და კანონი არ შეგვიწყობს ხელს, ისე ვერ ავკრძალავთ. წესები უნდა მოგვეხმაროს ჩვენ, რომ შევინარჩუნოთ ასეთი ტერიტორიები და ადგილები, ამიტომ არის დაჩქარებული  წესით მისაღები განაშენიანების გეგმა“, -განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.

ქალაქის გენერალური განვითარების გეგმაზე მუშაობა ყველა მერის პირობებში მიმდინარეობდა და მათზე სოლიდური თანხებიც იხარჯებოდა.  თუმცა,  წინამორბედის  მიერ დაწყებული საქმე ყოველთვის თაროზე რჩებოდა და ახალ გეგმაზე მუშაობა იწყებოდა. ბოლოს ასეთ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და ქუთაისის მერიაში ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი "2021" შეიქმნა. როდის შემუშავდება და ამოქმედდება ახალი მერის პირობებში მომზადებული განვითარების გეგმა, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა