|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

„ცეკვით გატაცებული მოღალატე მხატვარი“

  ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავე მაკო ფანჩულიძისათვის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვა ახდენილი ოცნებაა. მისთვის ის ემოცია, რასაც სცენაზე დგომისგან იღებს დიდი სიამოვნებაა. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მოცეკვავეს მრავალი ინტერესის გვერდზე გადადება უწევს, ის უფრო ანსამბლს ეკუთვნის, ვიდრე თავის თავს. სცენაზე დგომისას თავდაჯერებული და სასიამოვნოდ აღელვებულია. მაკო ცეკვის პარალელურად ხატავს, თუმცა არჩევანის წინაშე თუ აღმოჩნდება, გული უფრო ცეკვისაკენ მიუწევს.

 

როგორც წესი, ის მოცეკვავეები, რომლებიც საკმაოდ წარმატებულები არიან თავიანთ პროფესიაში ბავშვობაში ცეკვაზე  იძულებით მიიყვანეს, მოგვიყევი, შენ როგორ დაიწყე ცეკვა?

- ძალდატანება ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა საჭირო, რადგან თავიდანაც უზომოდ მიყვარდა ცეკვა და მისი ძირფესვიანად შესწავლის სურვილი მქონდა. ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრი მიზეზის გამო, ხშირად მიწევდა ცეკვისათვის თავის დანებება, ხან ფინანსური პრობლემები იყო, ხან სხვა მიზეზები, თუმცა შემდეგ ძალიან გამიმართლა. ჩემთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ვიყავი ნიჭიერი და შემომთავაზა მივეყვანე გასასინჯად ბატონ ლევან კუბლაშვილთან, ერისიონის სტაჟიორებში. მათ მომცეს შანსი მეჩვენებინა საკუთარი შესაძლებლობები და მას შემდეგ სამ წელზე მეტი ვიყავი სტაჟიორებში და უკვე ერთი წელია ვცეკვავ ერისიონის მთავარ ანსამბლში.

„ერისიონში“  ცეკვა სიამაოვნებასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასთანაც ასოცირდება. რამდენად რთულია მოცეკვავის ცხოვრება?

- გეთანხმებით. ხშირად უკვირთ, როდესაც ამ საქმეს ვახსენებ, როგორც სამსახურს, ყველას გონია, რომ ცეკვა მხოლოდ გართობა ან ჰობია. თუმცა მოცეკვავეობა არის ურთულესი საქმე, რომელიც მოითხოვს გვერდზე გადადო, როგორც პირადი ცხოვრება, ისე ინტერესის სხვა სფეროები და აჰყვე ანსამბლის მოთხოვნებსა და წესებს, რაც დამერწმუნეთ, არც ისე მარტივი და უპრობლემო შესასრულებელია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. იყო სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე არის, როგორც წოდება თუ აღიარება, ისე პასუხისმგებლობა და ვალდებულება, როგორც ანსალმბლის, ისე ქვეყნისა და ერის წინაშე. ეს ნიშნავს აკეთო ღირსეული საქმე და მაყურებლამდე მიიტანო ის უდიდესი განძი, რაც წლების და შეიძლება ითქვას საუკუნის მანძილზე უკეთებია და ჩვენამდე მოუტანია არაერთ საოცარ ქართველ ხელოვან ადამიანს.

ოდესმე გიფიქრია, რომ სახელმწიფო ანსამბლში იცეკვებდი, ან ამის ამბიცია თუ გქონდა?

-  ალბათ ძალაინ ტენდენციური ვიქნები, როდესაც გიპასუხებთ, რომ ამაზე არც მიფიქრია. ეს იყო ჩემი ოცნება, მეგონა აუსრულებელიც კი, თუმცა ფაქტია, რომ ეს მართლა ასე იყო და ისიც მართალია, რომ ოცნებები ხდება. სახელმწიფო ანსამბლის კონცერტებიდან გაოცებული ვბრუნდებოდი სახლში და იმ ადამიანებს, რომლებიც სცენაზე იდგნენ ყოველთვის ხელშეუხებელ, მიუწვდომელ პიროვნებებად აღვიქვამდი, მეგონა სრულიად წარმოუდგენელი იყო მათ ადგილას აღმოჩენა. მეღიმება, როდესაც წარმოვიდგენ, რომ მათ რიგებში მოვიაზრები და ზუსტად ისე მიყურებენ ის საოცარი ბავშვები, რომლებიც ჩვენს კონცერტებს იმავე ემოციებითა და განცდებით უცქერენ, რაც მე მეუფლებოდა წლების წინ.

 - რა ემოცია გაქვს დღეს, როდესაც სცენაზე დგახარ?

- ეს არის ბედნიერება. წარმოიდგინეთ რა მოგანიჭებდათ უდიდეს სიამოვნებას, თავდაჯერებულობას, სიამაყისა და  სილაღის განცდას და ზუსტად მიხვდებით, რა ემოციას გრძნობ, როდესაც დგახარ სცენაზე.

- ემოციის მხრივ, რა შეიცვალა სცენაზე შენს პირველ და დღევანდელ გასვლას შორის?

- შეიცვალა ალბათ მხოლოდ ნერვიულობის განცდა და იქცა მღელვარებად. თავდაპირველად, ნერვიულობა იყო კულისში და ის თავს არც სცენაზე მანებებდა, თუმცა გავიდა დრო, შევიძინე გამოცდილება სცენისა და შევიგრძენი სიამოვნება მაყურებლის ემოციისა და ჩემი ნერვიულობა კულისში, დარჩა ნერვიულობად კულისში, თუმცა სცენაზე გადადგმული პირველი ნაბიჯიდან ეს განცდა შეცვალა მღელვარებამ, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, სიამოვნებითაა გამოწვეული, რაც ისევ მაყურებლის ემოციიდან მოდის.

ანსამბმლა „ერისიონმა“  ცოტა ხნის წინ დაკარგა საუკუნის ქორეოგრაფი. რამდენიმე სიტყვით გვითხარი, როგორი იყო ისეთი ღირსეული ქორეოგრაფის მოსწვლედ ყოფნა, როგორიც ბატონი რეზო ჭოხონელიძე იყო.

- ბატონი რეზო იყო საოცრება, ნამდვილი გენია. მკითხველისათვის ალბათ ცნობილია, რომ მას ქორეოგრაფიის მეტრის და საუკუნის ქორეოგრაფის ტიტულები მიანიჭეს. ჩემი აზრით, არც ერთი მათგანი, ერთი პროცენტითაც კი არ ტყუის. ის ასახავს იმ შესაძლებლობასა და ნიჭს, რასაც ფლობდა ეს გენიალური პიროვნება. ბატონი რეზოს დაკარგვა არ იყო ანსაბმლის ტრაგედია, ეს საქართველოს ტრაგედია იყო. მთელი არსებით ვისურვებდი მასზე უფრო ნიჭიერი თუ არა, მისი მსგავსი ქორეოგრაფი კიდევ შეეძინოს ქვეყანას. ბატონი რეზო არ იყო მარტო ქორეოგრაფიის მეტრი, მას განსაკუთრებული ურთიერთობები და განსხვავებული მიდგომა ჰქონდა მოცეკვავეებისადმი. მე ამაყი ვარ მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთით და ვარ უბედნიერესი, რომ მქონდა პატივი ვყოფილიყავი მისი ჩატარებული რეპეტიციების მონაწილე. ანსამბლი „ერისიონი“ ცოცხალ მუზეუმად შეინახავს ბატონი რეზოს მიერ შექმნილ შოუ პროგრამას და არასოდეს დაივიწყებს მის ღვაწლს.

როგორც ვიცი, მოცეკვავესთან ერთად, ხარ მხატვარი და ამასთანავე სტუდენტიც. როგორ ახერხებ ამ სამი საქმის ერთნამეთთან შეთავსებას?

- ადვილი არაა, ვერ მოგატყუებთ. ეს სამივე საქმე, თავის მხრივ, მოითხოვს დიდ ყურადღებასა და ძალისხმევას, თუმცა მთავარი მაინც მონდომებაა. აუცილებელია განსაზღვრო პრიორიტეტული საქმე. მართალია, თანაბრად ხარისხიანად სამივე შეუძლებელია გამოვიდეს, მაგარამ დროის სწორი განაწილებით და განსაზღვრული პრიორიტეტებით, ნამდვილად შესაძლებელია მოასწრო ყველა საქმიანობა ერთად. 

ორი მხრიდან შემოქმედებით ცხოვრებაში ხარ ჩართული, მაინც შეგიძლია პრიორიტეტის გამოყოფა?

- ეს ორი საქმე, ცეკვა და ხატვა, სრულიად თავსებადია. ცეკვა ანსამბლური საქმეა და დისციპლინას მეტად მოითხოვს, ხოლო ხატვა ინდივიდუალური საქმიანობაა და შესაძლებელია თავისუფალ დროს დაკავდე მისით, მაგარამ, თუ ვინმე არჩევანის წინაშე დამაყენებდა, ალბათ ცეკვას ავირჩევდი მანამ, სანამ შევძლებდი ანსამბლის ღირსეული წევრი ვყოფილიყავი,  შემდეგ კი, ალბათ ხატვას მივუბრუნდებოდი. ცეკვით გატაცებული მოღალატე მხატვარი გამოვედი.

„ერისიონი“ ტრადიციების მიმდევარი ანსამბლია, ახალი ცეკვები, რომლებსაც ანსამბლი დგამს ეროვნულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ანსამბლის კონცეფციის თანახმად, როგორ გესახება ქართული ცეკვის მომავალი?

- ანსამბლი „ერისიონი“ ყოველთვის იყო ქართული კულტურის, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის მსახური, წარმომჩენი. დრო გადის და ადამიანებს უჩნდებათ სიახლის მოთხოვნილებები, თუმცა ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ანსამბლის წოდება და ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სახელი ყოველთვის იქნება ღირსეულად შენარჩუნებული და დაცული. იმ სიახლეების შეთავაზებასთან ერთად, რაც აუცილებელია, ჩვენ შევინარჩუნებთ ქართულ სულსა და კუთხურ ტრადიციებს. იმდენი მუსიკა, ტექსტი და ილეთი გვაქვს გამოუყენებელი, რომ ვფიქრობ, სიახლე არასოდეს იქნება რთულად შესათავაზებელი და ამავე დროს არც ჩვენს დამახასიათებელ სამააყო კულტურას მიადგება ზიანი. ამგვარი ქცევით კი, ქართული ცეკვის მომავალი იქნება დაცული, ჩვენეულობა კი შენარჩუნებული.

 

 

 

                                                                                                                             

ავტორი: ბაია კუბლაშვილი