|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცენტრალურ მოედანზე "მაკ დრაივის" მოწყობა დანაშაულია"

"მაკდონალდსის" პროექტში არსებული დარღვევების გამო ქუთაისის მერიას განცხადებით მიმართეს.  მოთხოვნა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა შეიმუშავეს,  კომისიის შექმნას გულისხმობს.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის სოფო ზვიადაძის განცხადებით, კომისიამ ქალაქში მიმდინარე მშენებლობებს მონიტორინგი უნდა გაწიოს.

"მაკდონალდსის" პროექტში გამოჩნდა დარღვევები და ასევე პროექტი გაუმჭვირვალედ დამტკიცდა. "მაკ დრაივი", რისი მოწყობაც პიგეგმება, არის კანონდარღვევა. კულტურულ არეალში ავტონაკადების დამატებით შექმნა არ შეიძლება, ასევე პროექტი ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის მომიჯნავედ. ქალაქში არსებული გამოცდილება გვაფიქრებინებს კომისიის შექმნის აუცილებლობას. კომისია დაკომპლექტებული იქნება  ექსპერტებით და ურბანისტებით, რომელთა მიერაც  ჩატარდება მონიტორინგი და მათ რჩევებთან შესაბამისობაში დამტკიცდება ახალი პროექტები", - განაცხადა სოფო ზვიადაძემ.

მიმართვის ორგანიზატორები, იმ მოთხოვნებს ახმოვანებენ, რომლებიც კომისიამ უნდა მოითხოვოს.

"გამჭვირვალობის პრინციპზე დაყრდნობით შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტუებული იქნება დარგის სპეციალისტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლებით, რომელიც გაწერს ქალაქის ინტერესებზე მორგებულ საპროექტო დავალებას, რაც შემდგომში გახდება აღნიშნული ობიექტის სწორი განაშენიანების საფუძველი. მერიამ, საკრებულომ და კულტურული მემკვიდერობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იმუშაოს კომისიასთან პროცედურების მაღალი გამჭვირვალობით;  დავით აღმაშენებლის მოედანზე განსახორციელებელ პროექტებზე გამოცხადდეს კონკურსი;  კონკურსის საფუძველზე შეირჩეს ისეთი პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქალაქის არქიტექტურული და ლანდშაფტური გარემო;  პროექტი არ უნდა არღვევდეს ტრადიციულად ჩამოყალიბებული უბნის განაშენიანებასა და ერთიან მასშტაბს.  პროექტმა არ უნდა გამოიწვიოს მწვანე საფარის შემცირება და არ გააუარესოს ეკოლოგიური მდგომარეობა"-წერია მიმართვაში.

წერილს, რომელიც მერიის სახელზე შევიდა, 40-მდე ხელმომწერი ყავს.  როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ,  მაკდონალდსის მშენებლობასთან დაკავშირებით  მერიაში  დღეს უკვე  მეორე წერილი შეიტანეს. პირველზე განმარტება ამ დრომდე არ მიუღიათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა